ანსამბლრუსთავისადმინისტრაციის პრესრელიზი, 18 მარტი, 2016

 

გარდაიცვალა ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „რუსთავის“ დირექტორი, უკეთილშობილესი და იშვიათი ადამიანური თვისებების მქონე პიროვნება, გამორჩეული მეუღლე, მამა და ბაბუა, ძმა და მეგობარი ბადრი თოიძე. ბატონი ბადრი „რუსთავის“ მომღერალთა პირველი, ბრწყინვალე თაობის სოლისტი გახლდათ. მისი საქმისადმი უპრეცედენტო სიყვარულისა და დაუღალავი შრომის შედეგად ანსამბლ „რუსთავს“ არაერთხელ მოუწყვეტია დიდების ვარსკვლავი. ის, რომ „რუსთავმა“ დავბრუდამხვევი წარმატების მწვერვალებს მიაღწია, დიდწილად ბატონი ბადრი თოიძის დამსახურებაა. ეს არის ადამიანი, რომელმაც არაერთ თაობას ასწავლა ხალხური სიმღერის სიყვარული. ის ათეული წლები ერთგულად ემსახურა ეროვნულ კულტურას, რუდუნებით გადასცა მომავალ თაობებს წინაპრებისგან და მუსიკალობით გამორჩეული თოიძეების გვარისგან მემკვიდრეობით მიღებული უმდიდრესი გამოცდილება. ბატონი ბადრის უმაღლესი კლასის მასტერკლასებმა არაერთხელ აღტაცებაში მოიყვანა და განაცვიფრა როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მსმენელი.

ბადრი თოიძე დაიბადა 1941 წლის 24 ოქტომბერს ქ.ბათუმში.
1962-67 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. მიიღო საგუნდო დირიჟორის სპეციალობის ხარისხი.
1962 წლიდან 1975 წლამდე დაარსების დღიდან ბატონი ბადრი მოღვაწეობდა ანსამბლ ”გორდელას” მომღერალ-სოლისტად. 1975 წლიდან იგი გახდა ანსამბლ ”რუსთავის” მომღერალი სოლისტი, ხოლო 1981 წლიდან ანსამბლის ლოტბარი.
2000 წლიდან დღემდე ბატონი ბადრი იყო ანსამბლ „რუსთავის“ დირექტორი. ბატონ ბადრის მიღებული აქვს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება, იგი გახლდათ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, აგრეთვე კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი.
თითქმის ნახევარსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე, ბატონ ბადრისთან ერთად ანსამბლ „რუსთავს“ გამართული აქვს 5000-ზე მეტი კონცერტი მსოფლიოს 80-მდე ქვეყნის საუკეთესო საკონცერტო დარბაზებში. „რუსთავმა“ მოხიბლა მაყურებელი და დაიმსახურა წარმოუდგენელი ოვაციები ევროპისა თუ აზიის ყველა ქვეყანაში.

ბატონი ბადრის გარდაცვალებით გამოწვეული დანაკარგი განუზომელია ზოგადად ქართული ეროვნული კულტურის საგანძურისთვის.
ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი“ გამოთქვამს ღრმა მწუხარებას ბატონი ბადრის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ოჯახს. ღმერთმა გაანათლოს ჩვენი კეთილი მეგობრის სული. ბატონი ბადრი სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში.