ანსამბლრუსთავისადმინისტრაციის პრესრელიზი, 26 ივლისი, 2019

 

არ გამოტოვოთ!..

ანსამბლ „რუსთავის“ 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გამოვიდა უმნიშვნელოვანესი ანთოლოგია – „400 ქართული ხალხური სიმღერა“.

 

* * *

მანანა ახმეტელი

მუსიკისმცოდნე

 

სახელმწიფო ანსამბლი

„რუსთავი“

 

ქართული ხალხური სასიმღერო შემოქმედების ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა 1886 წლის 15 ნოემბერი. ამ დღეს ლადო აღნიაშვილის ეთნოგრაფიულმა გუნდმა თბილისში გამართა ქართული ხალხური მუსიკის პირველი კონცერტი, რომელიც აღფრთოვანებით მიიღო იმდროინდელმა საზოგადოებამ. ამ ფაქტს დიდი ილიაც გამოეხმაურა თავისი ცნობილი წერილით „ქართული ხალხური მუსიკა“, რომელშიც ვკითხულობთ:

„დიდი მადლობა გვმართებს ბ-ნ აღნიაშვილისა, რომელმაც ეს მართლა სახელოვანი საქმე იკისრა, შეჰყარა ხორო, გაგვიმართა ქართული კონცერტი და დაგვატკბო იმ მივიწყებული ხმებით, რომლითაც მღეროდნენ ჩვენი წინაპარნი და რომელსაც ისეთის აღტაცებით ისმენდა იმ ღამეს თეატრში შეყრილი საზოგადოება… ძახილს და ტაშის ცემას ბოლო არა ჰქონდა. სასურველია, რომ ამ დიდად სასიამოვნო საქმემ ხშირად გვასიამოვნოს ხოლმე ისე, როგორც შაბათს საღამოს გვასიამოვნა.“

ლადო აღნიაშვილის ამ დროულმა და უაღრესად მნიშვნელოვანმა წამოწყებამ, რომელსაც მალე მიმდევრებიც გამოუჩნდნენ, არსებობის ახალი საკონცერტო ფორმა აპოვნინა ქართველი ხალხის სასიმღერო შემოქმედებას, რომელიც საუკუნეების მანძილზე სოფლად ცხოვრობდა და გლეხკაცური ყოფისა და ზნე-ჩვეულებების განუყოფელი ნაწილი იყო. მაგრამ ეპოქალური ქარტეხილების, სოციალური ძვრებისა და ტექნიკური პროგრესის განვითარების შედეგად ქართულ ხალხურ მუსიკას თანდათან გამოეცალა თავისი ბუნებრივი, მასაზრდოებელი ნიადაგი. დროთა განმავლობაში მან დაკარგა საყრდენები ყოფა-ცხოვრებაში, რაც ეჭვის ქვეშ აყენებდა ამ უნიკალური მუსიკალური კულტურის მომავალს. ქართულ ხალხურ მუსიკას, მოგვიანებით ქართულ ხალხურ ცეკვებსაც, თვით ცხოვრებამ გაუკვლია გზა საკონცერტო ესტრადაზე, რომელმაც იმთავითვე იტვირთა ამ უმდიდრესი საგანძურის დაცვისა და უკვდავყოფის ფუნქცია.

ასე დაიბადა საკონცერტო-ფოლკლორული მიმდინარეობა, რომელიც საუკუნეზე მეტ ხანს ითვლის. როგორც გამოცდილებამ დაგვანახა, ქართულმა ხალხურმა მუსიკამ ჭეშმარიტი მფარველი და გზის გამკვლევი ჰპოვა საკონცერტო ესტრადაზე სხვადასხვა დროს გამოსული ფოლკლორული ანსამბლების სახით.

დღეს ამ გზას შეუნელებელი წარმატებით ანვითარებს გამოჩენილი მუსიკოსისა და მრავალმხრივი მოღვაწის, საქართველოს სახალხო არტისტის, შოთა რუსთაველისა და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიების ლაურეატის ანზორ ერქომაიშვილის მიერ დაარსებული საქართველოს სახელმწიფო დამსახურებული აკადემიური ანსამბლი „რუსთავი“, რომელმაც იმთავითვე გონივრულად გამოიყენა საკონცერტო სპეციფიკის რესურსები და  პერსპექტივები.

მომღერალთა ანსამბლი შეიქმნა 1968 წ. ქ. რუსთავში და გაერთიანდა ქორეოგრაფიულ კოლექტივთან, რომელსაც ხელმძღვანელობდა უნიჭიერესი ახალგაზრდა ქორეოგრაფი, დღეს უკვე საქვეყნოდ ცნობილი ხელოვანი, აწ გარდაცვლილი რეზო ჭოხონელიძე. „რუსთავი“ თავიდანვე გამოირჩეოდა მაღალი ხელოვნებით და მალე მოიხვეჭა პოპულარობა მთელ საქართველოში, შემდეგ წარმატებით გამოვიდა უცხოეთში. რამდენიმე წლის შემდეგ მთავრობის დადგენილებით ანსამბლ „რუსთავს“ მიენიჭა საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სტატუსი.

1982 წლიდან ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფია წარსულში ლეგენდარული მოცეკვავე ფრიდონ სულაბერიძე, რომლის მაღალმა ხელოვნებამ დიდი წვლილი შეიტანა ანსამბლ „რუსთავის“ აღიარებაში.

ეს სახელოვანი კოლექტივი თითქმის ნახევარი საუკუნეა საკონცერტო ფოლკლორული მიმდინარეობის სათავეში დგას და თავდადებით ეწევა ქართული ხალხური მუსიკალურ-ქორეოგრაფიული შემოქმედების მოვლა-პატრონობას, პოპულარიზაციასა და პროპაგანდას.

1968 წლიდან თანდათან ყალიბდებოდა „რუსთავის“ ხელწერა, შემოქმედებითი პრინციპები და ეთიკურ-ესთეტიკური ტრადიციები, რომელთა განვითარება ვერ შეაფერხა ვერც უდროობის ჟამს წარმოქმნილმა დაბრკოლებებმა და სირთულეებმა და ვერც თაობათა ცვლამ, რაც ბუნებრივი, კანონზომიერი პროცესია. ანსამბლის სტაბილურობა და სიმყარე განაპირობა ყოველდღიურმა დაუღალავმა შრომამ, პასუხისმგებლობის გრძნობამ, შემოქმედებითმა შემართებამ და მაღალმა პროფესიულმა დონემ. ეს თვისებები თაობიდან თაობაზე გადადის და ანსამბლ „რუსთავის“ სიცოცხლისუნარიანობის გარანტიას ქმნის.

გზის გაკვლევაში ანზორ ერქომაიშვილს დაეხმარა საქმისადმი მაღალი პატრიოტულ-მოქალაქეობრივი დამოკიდებულება. იგი იმთავითვე მკვეთრ, აქტიურ, საინტერესო მოღვაწედ ჩამოყალიბდა. გონივრულად და თანმიმდევრულად აამოქმედა თავისი ორგანიზატორული ნიჭი და შემოქმედებითი პოტენცია, წარმატებით დაადგა თავი მრავალ მნიშვნელოვან წამოწყებას.

ანზორს იტაცებს პრობლემები და ამოცანები, რომელთა ხორცშესასხმელად ყოველთვის პოულობს ცოცხალ, მასშტაბურ, ეფექტურ ფორმებს.

ფასდაუდებელი ამაგი დასდო ანზორმა ძველი ქართველი მომღერლების ხმების აღდგენას, რომელსაც მიაკვლია მსოფლიოს არქივებში, მივიწყებული წარსულიდან გამოიხმო და გააცოცხლა თანამედროვე ხმისჩამწერი ტექნიკის საშუალებით და მათი ხმები გამოსცა ფირფიტებისა და კომპაქტური დისკების სახით. ამ გზით ქართველ ხალხს დაუბრუნა უდიდესი მომღერლების, ლოტბარებისა და სხვა გამოჩენილი პიროვნებების სახელები, როგორიც არიან: ვანო სარაჯიშვილი, ფილიმონ ქორიძე, ია კარგარეთელი, იოსებ ტომაშევიჩი, ნატო გაბუნია, ვასო აბაშიძე, აკაკი წერეთელი, ლევან ასაბაშვილი (დედას ლევანა), სანდრო და მიხეილ კავსაძეები, ხუხუნაიშვილები, გიგო ერქომაიშვილი, სამუელ ჩავლეიშვილი, ვარლამ სიმონიშვილი, რემა შელეგია, ნოკო ხურცია, ივანე მარგიანი და სხვები.

ამ დისკებზე აღბეჭდილია ქართული ხალხური მუსიკის უმდიდრესი ობერტონული სამყარო, დაფიქსირებულია კილო-ჰარმონიული აზროვნების უნიკალური სისტემა, რომელიც თანდათან დავიწყებას ეძლევა. დღეს ამ ჩანაწერებს ფასდაუდებელი ეტალონური მნიშვნელობა ენიჭებათ, ანზორმა ისინი აღადგინა და „რუსთავის“ რეპერტუარში დაამკვიდრა.

ახალგაზრდებმა აიტაცეს წინაპართა უნიკალური ფონოჩანაწერები, შეისწავლეს და თავიანთ ანსამბლებში დაამკვიდრეს 100 წლის წინ შესრულებული სიმღერები და თუ დღეს ჩვენი ახალგაზრდები შესანიშნავად ასრულებენ მომღერალი წინაპრების ნამღერ ვარიანტებს, ამაში ანზორ ერქომაიშვილის დიდი მადლია.

დაძაბული, აქტიური და მრავალფეროვანია „რუსთავის“ მოღვაწეობა: მართავს კონცერტებსა და ფესტივალებს, მონაწილეობს რადიო და ტელეგადაცემებში, მასზე იღებენ ტელეფილმებს, ახმოვანებს კინოფილმებს, გამოსცემს კომპაქტურ დისკებსა და ხალხური სიმღერების ანთოლოგიებს. ტრიუმფალური წარმატებით გამოდის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ყოველივე ამან აღიარება და დიდი პოპულარობა მოუტანა „რუსთავსა“ და მის ხელმძღვანელებს, რომელთა შორისაა ანსამბლის ღვაწლმოსილი ლოტბარი და მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი, აწ გარდაცვლილი ბადრი თოიძე.

თავისი არსებობის მანძილზე „რუსთავს“ გამართული აქვს 5000-ზე მეტი კონცერტი, გასტროლებზე იმყოფებოდა 80-მდე ქვეყანაში. ანსამბლს მასპინძლობდნენ პრესტიჟული საკონცერტო დარბაზები: ლონდონის „ალბერტ ჰოლი“ და „ელიზაბეტ ჰოლი“, პარიზის „ოლიმპია“, „მოგადორი“ და „ფლეიერი“, ნიუ-იორკის „ბეკონი“ და ცენტრ მეტროპოლიტენის საკონცერტო დარბაზი, ვენის ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი, ბერლინის ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი, ტოკიოს დიდი საკონცერტო დარბაზი, მოსკოვის „დიდი თეატრი“, „ყრილობათა სასახლე“, „ჩაიკოვსკის სახელობის დარბაზი“, „კონსერვატორიის დიდი დარბაზი”, სანკტ-პეტერბურგის ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი, რომის აუდიტორიუმი, მილანის, მადრიდის, ლისაბონის, ვარშავის, პრაღის, ბუდაპეშტის, კიევის, მინსკის, ტალინის, რიგის, ვილნიუსის, სტოკჰოლმის, ჰელსინკის, ისრაელის, ჩინეთის, მალაიზიის, ტაივანის, ინდოეთის, და სხვა ქვეყნების საკონცერტო დარბაზები.

1980 წელს მომღერალთა ანსამბლი „რუსთავი“ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა.

1984 წელს, 12 ნოემბერს საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „რუსთავს“ მიენიჭა დამსახურებული ანსამბლის წოდება.

1986 წელს ანსამბლი „რუსთავი“ დაჯილდოვდა ალბერტ შვაიცერის სახელობის საერთაშორისო პრემიით.

1998 წლის 17 ივნისს, საქართველოს რესპუბლიკის სამთავრობო სხომაზე საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „რუსთავს“ მიენიჭა აკადემიური ანსამბლის წოდება.

1999 წელს მომღერალთა ანსამბლი „რუსთავი“ დაჯილდოვდა საქართველოს სახელმწიფო პრემიით. 2005 წელს იუნესკომ თავის 60 წლის იუბილეზე, რომელიც იაპონიაში ქ. ნაგოიაში აღინიშნა, კონცერტის გასამართად მხოლოდ „რუსთავის“ სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი მიიწვია. სადღეისოდ ანსამბლის მიერ ჩაწერილია 900-ზე მეტი სიმღერა-საგალობელი, რომლებიც გამოცემულია როგორც ფირფიტების, ისე კომპაქტური დისკების სახით. ამ საქმეში უდიდესი დამსახურება მიუძღვის ხმის რეჟისორ მიხეილ კილოსანიძეს, რომელიც ანსამბლ “რუსთავთან” თანამშრომლობს დაარსებიდან დღემდე.

„რუსთავი“ იმთავითვე მიზნად ისახავდა ხალხური შემოქმედების მივიწყებული და დღემდე უცნობი ნიმუშებისა თუ ვარიანტების მოძიებას, შესწავლასა და პოპულარიზაციას, რაც ფასდაუდებელ დამსახურებას წარმოადგენს.

მრავალფეროვანია „რუსთავის“ საკონცერტო რეპერტუარი, რომელშიც თავმოყრილია დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს სასიმღერო, საცეკვაო და საკრავიერი შემოქმედების უნიკალური ნიმუშები. ანსამბლის მიზანია, მთლიანობაში წარმოადგინოს ჩვენი ერის უძველესი და უმდიდრესი ფოლკლორული სამყარო, გამოავლინოს მისი თვითმყოფადობა, ნაირსახოვანება და სიმდიდრე.

გარდა ამისა, „რუსთავი“ წარმატებით ასრულებს გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებებს. ასეთებია: ოთარ თაქთაქიშვილის, რევაზ ლაღიძის, გია ყანჩელის, ჯანსუღ კახიძის, ბიძინა კვერნაძის, იოსებ ბარდანაშვილის, ვახტანგ კახიძის და სხვათა შესანიშნავი ქმნილებები.

ბოლო წლებში „რუსთავი“ მჭიდროდ თანამშრომლობს მსოფლიოში სახელგანთქმულ ტაივანის ბალეტ „ქლაუდ გეითთან“ და მასთან ერთად მონაწილეობს საბალეტო სპექტაკლებში სახელწოდებით „მოხეტიალეთა სიმღერები“.

ეს ბალეტი დაიდგა ძველ ქართულ ხალხურ სიმღერებზე, რომელსაც ანსამბლი „რუსთავი“ ასრულებს. სპექტაკლი დადგა მსოფლიოში სახელგანთქმულმა ბალეტმაისტერმა ლინ ჰვაი-მინმა და იგი უდიდესი წარმატებით სრულდება მსოფლიოს მრავალი ქვეყნის პრესტიჟულ თეატრებში.

„რუსთავის“ მომღერლები წარმოშობით საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან არიან, რომელთაც გენეტიკური კავშირი აქვთ ხალხური შემოქმედების წიაღთან. თითოეულ მათგანს ანსამბლში მოაქვს თავისი კუთხის სასიმღერო ნიმუშებიცა და საშემსრულებლო ტრადიციებიც. ხალხურ წყაროებთან სიახლოვე აძლიერებს ანსამბლის ეროვნულ სულისკვეთებას, მსმენელს აგრძნობინებს ეროვნული კოლორიტის განუმეორებელ სურნელებას.

„რუსთავის“ მომღერლები თვალსაჩინოდ გამოხატავენ საქართველოს სხვადასხვა კუთხის კილო-ჰარმონიული აზროვნების თავისებურებებს. შთამბეჭდავად გადმოსცემენ უნიკალური ქართული ხალხური მრავალხმიანობის განსხვავებულ, მრავალფეროვან ფორმებში გაცხადებულ სიბრძნეს, გამომგონებლობასა და ფანტაზიას.

„რუსთავში“ სხვადასხვა დროს 60-ზე მეტი მომღერალი მღეროდა, მათ შორის, საქართველოში აღიარებული სოლისტი მომღერლები: ჰამლეტ გონაშვილი, ბონდო გუგავა, რამინ მიქაბერიძე, ტარიელ ონაშვილი, ლადო თანდილაშვილი, ირაკლი მათიკაშვილი, გაიოზ არაბაშვილი, ამირან გოლიაძე, ამირან მამალაძე, ბორის სორდია, ზურაბ ნინუა, ჯუმბერ ყოლბაია, ნუგზარ გელაშვილი, გენო მუჯირი, სალივერ ვადაჭკორია, ბადრი თოიძე და სხვა.

სადღეისოდ ანსამბლის შემადგენლობაშია: გიორგი ბუგიანიშვილი, გიორგი ალექსანდრია, ბადრი ჩიხიაშვილი, დავით გველესიანი, გიორგი ნატროშვილი, მერაბ სამყურაშვილი, ილია ყურაშვილი, დავით ქალიაშვილი, გიორგი მანოშვილი, გედევან ჯინჭარაძე.

ეს მომღერლები ღირსეულად განაგრძობენ „რუსთავში“ დამკვიდრებულ საუკეთესო ტრადიციებს.

 

თბილისი. 2015 წ.