ანსამბლრუსთავისადმინისტრაციის პრესრელიზი, 3 აგვისტო, 2019

 

არ გამოტოვოთ!..

ანსამბლ „რუსთავის“ 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გამოვიდა უმნიშვნელოვანესი ანთოლოგია – „400 ქართული ხალხური სიმღერა“.

 

* * *

ირაკლი აბაშიძე

(1909-1992)

პოეტი-აკადემიკოსი

 

„დიდებული ანსამბლი“

 

„ჩვენი ანსამბლის დიდ მეგობარს“ – ამ წარწერით მიძღვნა ვოკალური ანსამბლის „რუსთავის“ კოლექტივმა ფირმა „მელოდიის“ მიერ ჩაწერილი 60 ქართული ხალხური სიმღერა. ეს ჩემთვის ძვირფასი საჩუქარია.

ვერ დავფარავ, ძალიან მესიამოვნა ასეთი წარწერა.

ამ შესანიშნავი ანსამბლის „დიდ მეგობრობას“ ვერაფრით დავიქადებ, მაგრამ რომ ეს ანსამბლი ძალიან მიყვარს, ეს ნამდვილია და ამჟამადაც მინდა ეს სიყვარული დავადასტურო.

ანსამბლი „რუსთავი“ დღეს მთელ ქვეყანაზე სახელმოხვეჭილი კოლექტივია და ჩვენ, ქართული კულტურის მოღვაწენი, ამით ნამდვილად ვამაყობთ. ჭეშმარიტად დიდ საქმეს აკეთებს ანსამბლის მხატვრული ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი და მთელი ეს კოლექტივი ქართული ხალხური ჰანგების უკვდავსაყოფად და მთელ მსოფლიოში გასახმიანებლად. ეს საშვილიშვილო საქმე არა მარტო ესთეტიკური ხასიათისაა.

ერის ისტორიას მხოლოდ წერილობითი წყაროები და არქეოლოგიური მონაპოვრები არ გვიდასტურებენ, არა მარტო გამოცემები და ამ ერის დედაენაზე „არქეოლოგიური დაკვირვებანი“ გვაუწყებენ ხოლმე, არამედ ერის ისტორიის შესწავლის საქმეში უდიდესი მნიშვნელობა ყოველთვის ჰქონდა და აქვს ამ ერის პოეტური და მუსიკალური ფოლკლორის შესწავლას. სამწუხაროდ, თუ ჩვენში დღეისთვის პოეტური ფოლკლორის შესწავლაში გარკვეული წარმატებები გაგვაჩნია, თუ აქ ჩვენმა მეცნიერებმა ჭეშმარიტად დიდი სამუშაო ჩაატარეს და ახლაც ნაყოფიერად იღვწიან, ამასვე ასე გაბედულად ვერ ვიტყვით მუსიკალური ფოლკლორის სათანადო მეცნიერული შესწავლის შესახებაც; მიუხედავად ზოგიერთი ნამდვილად შესანიშნავი ნაშრომისა. ამ დარგში, ჩანს, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

რამდენი რამ შეუძლიათ გვითხრან ჩვენმა ძველმა ხალხურმა სიმღერებმა. რა ღრმა, რა შორეული ფესვებიდან მოდის ბევრი ჩვენი ხალხური ჰანგი, ხალხური სიმღერა. რა შორეულად გუგუნებს ბევრი მათგანი, ისე როგორც „ლილე“, ან „მაღლა მთას მოდგა“, მათ უკან მართლაც რომ ათასი წლებია. ერთხელ მე ჩემს ლექსში ასეთი სტრიქონი წამომცდა: „ჩვენი სიმღერები – პირამიდებია. მათ უკან საუკუნეები დგანან“. ახლა გამოვტყდები აქ: ეს შედარება მე დიდ ფრანგ სარდალს დავესესხე, ჯარისკაცებს რომ შესძახა ეგვიპტეში, პირამიდებთან: – შეხედეთ ამ პირამიდებს, მათ უკან დგანან საუკუნეებიო. ასეთი დასესხება დიდი დანაშაული არ უნდა იყოს, მით უფრო, რომ იგი ქართულ სიმღერებსაც მგონი უფრო მეტად მოუხდა.

რამდენი რამ შეუძლია გვითხრას ჩვენი ხალხური სიმღერების არა მარტო მრავალხმიანობამ, არამედ მისმა უსაზღვრო მრავალფეროვნებამაც: ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხეს ხომ თავისებური სიმღერები აქვს. მე არ მგონია რომელიმე ერის მუსიკალური ფოლკლორი ისე მრავალფეროვანი იყოს, როგორც ჩვენი, ქართული. როგორი განსხვავებული ჰანგებია ყველა ჩვენს კუთხეში: აბა, თუ გავს დინჯი კახური „მრავალჟამიერი“ ან „ზამთარი“ – გურულ „წამოკრულს“ ან მეგრულ „ოდოიას“; ქართლური „წინწყარო“ – „ჰადილას“; „ლილე“ – აჭარულ „ალიფაშას“ ან „ხასანბეგურას“? რომელი ერთი ჩამოვთვალოთ.

არამც თუ სათანადო მეცნიერული შესწავლა, არამედ ბევრი ჩვენი ხალხური სიმღერა რიგიანად დღემდე ჩაწერილიც კი არაა, თუმცა რამდენი ღვაწლი დასდეს ამ საქმეს ჩვენმა ცნობილმა ლოტბარებმა მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარსა და ჩვენს საუკუნეში. არც ერთი ხალხური სიმღერა არ უნდა დაიკარგოს უპატრონოდ და რა სასიხარულოა, რომ დღეს ეს ასეც ხდება. ერთ-ერთი ამის დასტურია ანსამბლ „რუსთავის“ მიერ ფირფიტებზე აღბეჭდილი „60 ქართული ხალხური სიმღერა“.

ყველა ჩვენგანისაგან დიდი მადლობა ეკუთვნის უნიჭიერეს ლოტბარს, ამ საშვილიშვილო საქმის მოთავეს, ამ დიდებული ანსამბლის მხატვრულ ხელმძღვანელს ანზორ ერქომაიშვილს.

დიდი მადლობა ეკუთვნის ანზორ ერქომაიშვილს ბავშვთა მშვენიერი ანსამბლის „მართვეს“ შექმნისთვისაც. ბევრი სხვა დამსახურებისთვისაც. მინდა ეს კოლექტივი ყოველთვის ასე მიწოდებდეს: „ჩვენი ანსამბლის დიდ მეგობარს“.

 

თბილისი. 1980 წ.