ანსამბლრუსთავისადმინისტრაციის პრესრელიზი, 3 აგვისტო, 2019

 

არ გამოტოვოთ!..

ანსამბლ „რუსთავის“ 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გამოვიდა უმნიშვნელოვანესი ანთოლოგია – „400 ქართული ხალხური სიმღერა“.

 

* * *

ჭაბუა ამირეჯიბი

(1921-2013)

მწერალი

 

ძმებო, „რუსთავო“, ძმაო, ანზორ!

მართალნო, სიმართლისა და ალალობის მთესველობა გარგუნათ განგებამ და მართალი სიტყვით მინდა მოგმართოთ.

ალბათ არ ვცდები, როცა მგონია, რომ თავად სიტყვა „რუსთავი“ მტკვრიდან სარწყავი რუს და მისი კალაპოტის არსებობით უნდა აიხსნებოდეს. ამ რუს თავში წარმოქმნილ დასახლებას შეერქვა ეს სახელი. მერე ქალაქს შემორჩა და შემდეგ მანდ ფეხმოკიდებულმა ქართული სიმღერის გუნდმაც დაირქვა „რუსთავი“.

აი, ამ რუს თავში იპოვნა თავისი შემოქმედებითი და ორგანიზატორული ფრიად დიდი და საკვირველებამდე დახვეწილი ნიჭის ადგილსამყოფელი და ერთ-ერთი ასპარეზი ანზორ ერქომაიშვილმა და მასთან ერთად რამდენიმე ათეულმა, აგრეთვე, ნიჭიერმა მამულიშვილმა. ამ რუში და კალაპოტში მოედინება და მოსჩქეფს სიმღერა, რომელმაც თავისი მშვენიერებით ქართველი ადამიანის ზნეობრივი იერის ჩამოყალიბებაშიც კი მიიღო უდიდესი მონაწილეობა, რადგან იგი მარტო არ დარჩა, მისმა არსებობამ და სულიერმა გავლენამ სხვა გუნდების შექმნაც გამოიწვია. ზნეობრივი იერის, როგორც ტერმინის გამოყენებაში, ვგულისხმობ ქართველი კაცის ბუნებასა და სამყაროსადმი დამოკიდებულებას.

ჩვენს ერს სიმღერა არასოდეს ჰკლებია და სიტყვაზე აგებული ჰანგი, თუ ორივე ერთად, იმდენად ძლიერი ზემოქმედებისა იყო, რომ დარწმუნებული ვარ, რასაც ახლა მოგახსენებთ, ადვილი შესაძლებელია, გასულ საუკუნეებშიც  მომხდარიყო.

იყო ერთი ბრწყინვალე მამულიშვილი, ხელობით ექიმი, მოწოდებით მომღერალი, გვარ-სახელად – ამირან მორჩილაძე, – ჩემი უახლოესი მეგობარი, ძმა ციხე-ბანაკებამდე, იქაც და მერე ისევ თბილისშიც.

მეცხრე საავადმყოფოს მთავარ ექიმად მსახურობდა, არ ვიცი, რა ავადობის გამო უმკურნალა ჰამლეტ გონაშვილს, თუ მისი ოჯახის წევრს, ან იქნებ სხვა შემთხვევით დამეგობრდნენ. ერთ საღამოს ჰამლეტის ბინაში მიმიყვანა. ბოთლი ღვინო, ყველი, პური და მოხარშული ქათამი – ეს სუფრაზე მყისევე გაჩნდა. ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ისეთი საღამო არამც თუ მე, არა მგონია, სადმე, როდისმე გაეტარებინოს ვინმეს. სუფრას ჰამლეტის მეგობარი შემოესწრო და სამ ხმაში ბარე ოცი სიმღერა იყო შესრულებული – ვარიანტებით, ამირანისა და ჰამლეტის საკუთარი წვრილმანი ცვლილებებითა თუ დანამატებით. ეს შეხვედრა ქართული ხალხური სიმღერის ანალიტიკური შესრულების საღამო იყო.

მერე ასეთი რამ გადაგვხდა. ამირანს შორეული ჩრდილოეთიდან, სახელდობრ – ქალაქ ინტადან ჩამოყვანილი მანქანა ჰყავდა. იქ, ქალაქის მთავარ ექიმად იმუშავა ათწლიანი პატიმრობის შემდეგ. სადღაც ვიქეიფეთ, ამ მანქანით ვბრუნდებოდით, ასე ვთქვათ, მსუბუქად ნასვამები. მილიციამ გაგვაჩერა. ამირანს მართვის მოწმობა ჩამოართვეს, თბილისის საქალაქო მილიციაში მიგვიყვანეს. პირისპირ შალვა ჩხატარაშვილთან აღმოვჩნდით. მათი ახალგაზრდობის თანამედროვეებს ახლაც უნდა ახსოვდეთ მძები – ნესტორ და შალვა ჩხატარაშვილები, ცნობილი ფეხბურთელები,

„ლოკომოტივის“ დამაარსებლები და გუნდის სულისჩამდგმელი მოთამაშეები. შალვა ერთობ პოპულარული ცენტრ-ფორვარდი იყო იმჟამინდელ თბილისში. ნესტორი ცენტრალური ნახევარმცველი და გუნდის კაპიტანი გახლდათ. ნინოშვილის ქუჩაზე ცხოვრობდნენ, ჩვენი ოჯახიც იმავე ქუჩაზე ბინადრობდა, იქიდან ვიცნობდით ერთმანეთს. მე, როგორც გულშემატკივარ მოზარდს, მათი სპორტული ჩანთები მაშინდელ ლენინის სტადიონამდე ხშირად მიტარებია და ამის წყალობით თამაშსაც მუქთად დავსწრებივარ. გავიდა წლები და შალვა ქალაქ თბილისის მილიციის უფროსობამდე დაწინაურდა. მასთან პირისპირ აღმოვჩნდით ამირანი და მე. შალვამ, მიუხედავად განვლილი წლებისა, მიცნო, გამომკითხა, სად და ვისთან ვიქეიფეთ, ცოტათი დაგვტუქსა კიდეც, – ახალგაზრდები ხომ აღარ ხართ, ნასვამები საჭეს როგორ მიუჯექითო. მერე პატიმრობისა მკითხა. ვუამბე, რომ მე და ამირანი ძმაკაცები ბავშვობიდან ვიყავით და ანტისაბჭოთა კონტრრევოლუციური ორგანიზაციის წევრობისთვის ერთად გაგვასამართლეს და ბანაკების შემდეგ დღესაც ძმაკაცები ვართ-მეთქი. ჩემი პატიმრობის ამბავი სცოდნოდა. კიდევ რაღაცეებზე ვისაუბრეთ, მილიციელი დაგვისვა საჭესთან და წამოვედით. მეორე დღეს ამირანმა მითხრა, – ეგ შალვა ჩაკრულოაო! გამოვკითხე – რას გულისხმობდა. განმიმარტა – ყოველი ქართველი კაცი, ხასიათით, პიროვნების გასაცნობიერებელი ნიშნებით, რომელიმე ქართული სიმღერის გავლენის მატარებელია, ეგ შალვა ჩაკრულოაო.

ამ განზოგადებასა თუ განკერძოებაზე ბევრი ვიფიქრე და მას მერე თავად მყავს ადამიანები – „მრავალჟამიერი“, „დაიგვიანეს“, „მეტივური“, „ალილო“, „ზამთარი“ და სხვა. თითქმის არავინ დამრჩენია მეგობართა და ნაცნობთაგანაც კი, სიმღერად რომ არ მყავდეს მონათლული. ესეც არაფერი, რუსთაველის მაღალ და დაბალ შაირად, გურამიშვილის ათმარცვლოვან სტრიქონად და ბილწსიტყვიერ რვამარცვლიან შაირად მონათლულებიც მყავს.

ალბათ თავი მოგაბეზრეთ, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ „რუსთავში” მყოფმა ანზორ ერქომაიშვილმა და მასთან ერთად არანაკლებ ნიჭიერ მომღერალთა გუნდმა უდიდესი ღვაწლი დასდო ჩვენი დროის ქართველი ერის ხასიათის, სულიერებისა და ადამიანურ ურთიერთობათა წესის ჩამოყალიბებას.

მომღერალთა ეს კრებული რუს კი არა, იმ ღრმა და განიერი ხეობის თავია, ქართული ხალხური ვოკალი მგზნებარე ნაკადად რომ მიედინება და ქართველობას, როგორც უწინდელ მსგავს ვითარებებში, ურყევად დგომის, ჭირსა შიგან გამაგრების უნარი შესძინა.

თქვენს სიმღერაშია ჩვენი ჯიში, მომავალი მოდგმები, წინაპართა უდრეკი სული და ეგ ნექტარი რომ არა, ერის საწყისებიდან სადღეისოდ აღარაფერი იარსებებდა და ჩამომავალთათვის გადასაცემადაც, ცხადია, არა გვექნებოდა რა.

ანზორ და სახელოვანო ვაჟკაცებო, თქვენი კეთილშობილი საქმე ჩვენს გაჭირვებულ მამულს მალამოდ ედება.

იცოცხლეთ, იღვაწეთ, იბედნიერეთ!

 

თბილისი. 2009 წ.