ანსამბლრუსთავისადმინისტრაციის პრესრელიზი, 3 აგვისტო, 2019

 

არ გამოტოვოთ!..

ანსამბლ „რუსთავის“ 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გამოვიდა უმნიშვნელოვანესი ანთოლოგია – „400 ქართული ხალხური სიმღერა“.

 

* * *

იოსებ ბარდანაშვილი

კომპოზიტორი

 

ხშირად, როდესაც აქ, ისრაელში ვსაუბრობ ქართულ კულტურაზე, მხატვრობასა თუ ხალხურ მუსიკაზე, საოცრად მიადვილდება შესაბამისი მაგალითების მოტანა, რადგან, ჩვენდა საბედნიეროდ, თუ რამ ფასეული გაგვაჩნია, დოკუმენტურად აღრიცხული და დაფიქსირებულია.

თუ კითხვა ქართულ ხალხურ მუსიკას ეხება, პასუხი მუდმივად ერთი მაქვს: მოუსმინეთ ანსამბლ „რუსთავს“!

ქართულ ხალხურ მუსიკალურ მონაპოვარს მართლაც რომ შესაშური, გამორჩეული ბედი ჰქონია, რადგან მას პატრონობას უწევდნენ მუსიკალური თუ სამეცნიერო კვლევის კორიფეები, დიდი ქართველი კომპოზიტორები, ლოტბარები, ფოლკლორისტები და თვით მისი შემქმნელი ქართველი ხალხი, რომლისათვის დღემდე უპირობოდ ნათელია მის წიაღში აღმოცენებული სიმდიდრის ფასეულობა.

მაგრამ, ის, რაც შესძლო ანსამბლმა „რუსთავმა“, განუზომლად დიდია და ღირებული. მან შესძლო საკონცერტო დარბაზებში სრულად, მაღალი აკადემიური ხარისხის გათვალისწინებით წარმოეჩინა ქართველი ხალხის სულიერი საგანძური და ბევრ შემთხვევაში, მათი შესრულების ხარისხი კლასიკურ ნიმუშებად დაეფიქსირებინა მსმენელთა მეხსიერებაში.

ხომ საკმარისი იქნებოდა, ქართველი ერისათვის, რომ ანსამბლ „რუსთავს“ მხოლოდ ემღერა (არსებულ ტრადიციაზე დაყრდნობით) ხალხური სიმღერები? ხომ საკმარისი იქნებოდა, რომ მხოლოდ ერთი დიდი მომღერალი გაზრდილიყო მათ წიაღში (ჰამლეტ გონაშვილი)? ხომ საკმარისად მივიჩნევდით, მათ შესაშურ მცდელობას, მსოფლიო მუსიკალურ რუკაზე დაეფიქსირებინათ ქართული ხალხური მუსიკის საგანძური, ჩაეწერათ ათასამდე ხალხური სიმღერა თუ საგალობელი, აღედგინათ და გაეცოცხლებინათ, გადაეტანათ სანოტო სისტემაზე? ხომ საკმარისი იქნებოდა, შეექმნათ მოზარდთა ანსამბლი „მართვე“ და მომავალი თაობებისათვის გადაეცათ დაგროვილი გამოცდილება, გვერდში ამოსდგომოდნენ პროფესიონალ კომპოზიტორებს (ოთარ თაქთაქიშვილი, გია ყანჩელი, ვახტანგ კახიძე, იოსებ კეჭაყმაძე, იოსებ ბარდანაშვილი და სხვ.), რათა ხალხური სიმღერისთვის ახალი ავტორისეული ხედვით გამდიდრებული ფერი მიეცათ და მსოფლიოს ცნობილ საკონცერტო თუ სიმფონიურ დარბაზებში, სხვა კლასიკურ ნიმუშებთან ერთად გაეჟღერებინათ.

ხომ მართლაც საკმარისი იქნებოდა ყოველივე ერთი პატარა, მაგრამ დიდი ისტორიის მქონე ერისათვის? საკმარისი იქნებოდა და მერე როგორ! ქართულ ხალხურ მუსიკალურ მონაპოვარს, მართლაც რომ, შესაშურად გამორჩეული ბედი ჰქონია, ვინაიდან მას, ნახევარ საუკუნეზე მეტია პატრონობას უწევს ანსამბლი „რუსთავი“, დიდი ამაგდარის, ანზორ ერქომაიშვილის  ხელმძღვანელობით. აფერუმ, თქვენს მამულიშვილობას!

 

ისრაელი. 19. 04. 2015 წ.