ანსამბლრუსთავისადმინისტრაციის პრესრელიზი, 30 აგვისტო, 2019

 

არ გამოტოვოთ!..

ანსამბლ „რუსთავის“ 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გამოვიდა უმნიშვნელოვანესი ანთოლოგია – „400 ქართული ხალხური სიმღერა“.

 

* * *

ედიშერ გარაყანიძე

(1957-1998)

ფოლკლორისტი

წიგნიდან

„რჩეული წერილები“

 

ძნელია, რომელიმე ანსამბლი შეედაროს „რუსთავს“ ქართული ხალხური სიმღერის პოპულარიზაციის საქმეში. დღესაც იშვიათია რაიმე მნიშვნელოვანი კონცერტი, სადაც „რუსთავი“ არ იღებს მონაწილეობას. „რუსთავი“ სამართლიანად შეიყვარა ხალხმა და ჩვენი დღევანდელობის განუყოფელ ნაწილად მიიჩნია.

დიდი დამსახურება მიუძღვის „რუსთავს“, როგორც ქართული ხელოვნების უცხოეთში გამტანს. გვიჭირს იმის თქმა, თუ მსოფლიოს რამდენი ქვეყნის მსმენელს გააცნო ამ ანსამბლმა ქართული ხალხური სიმღერა.

მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის ფაქტიც, რომ ამ კოლექტივმა თავისი ნამღერი სიმღერების დიდი ნაწილის ფიქსირება მოახდინა გრამჩანაწერების სახით. მრავალი მცირე თუ დიდი ფირფიტა გამოუშვა „რუსთავმა“ ცალკე თუ სხვა ანსამბლებთან ერთად. ამ მხრივ წარმართული საქმიანობის დაგვირგვინება იყო კომპლექტის – „60 ქართული ხალხური სიმღერა“ – გამოშვება. ეს კომპლექტი ხუთი ფირფიტისაგან შედგება და ქართული ხალხური სიმღერის, როგორც ჩვენებურ მოყვარულთათვის, ისე უცხოელ დაინტერესებულ პირთათვის, შესანიშნავ საჩუქარს წარმოადგენს (თუ არ ვცდებით, სწორედ ამ კომპლექტზე მუშაობის დაწყებისას შეემატა „რუსთავს“ რამინ მიქაბერიძე. ანსამბლის ხელმძღვანელობა არჩევანში არ შემცდარა: რ. მიქაბერიძე ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესოა დღეისათვის „მოქმედ“ მომღერალთა შორის და მისი წვლილი ხსენებული 60 ხალხური სიმღერის ჩაწერაში ძნელია, რომ სათანადოდ არ შეაფასო).

ფრიად მნიშვნელოვან მისიას ასრულებს ანსამბლი, როცა მივიწყებულ, ან მხოლოდ ძველ ფირფიტებზე და ფოლკლორისტთა მიერ გაშიფრულ ნოტებზე არსებულ სიმღერებს შთაბერავს ხოლმე სულს.

ძველ, დაკარგვის პირზე მისულ სიმღერათა მოძიებასა და გაცოცხლებას რაც შეეხება, ამ თვალსაზრისით, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ანსამბლის ხელმძღვანელის – ანზორ ერქომაიშვილის უდიდესი ღვაწლი. მისი დაუღალავი შრომის მეოხებით მოძიებულ იქნა, აღდგა და უკვე მალე მიიღებენ მუსიკის მოყვარულები საუკუნის დასაწყისის ჩვენი საუკეთესო მომღერლების მიერ შესრულებულ სიმღერებს. კვლავ გაცოცხლდება გიორგი ბაბილოძის, ოსტატი ალექსას, დედას ლევანას, ვარლამ სიმონიშვილის, ვლადიმერ ბერძენიშვილის, მიხა ჯიღაურის, არტემ ერქომაიშვილის, ვანო მჭედლიშვილის და სხვა მრავალთა ხმები.

სატელევიზიო გადაცემათა ციკლში „ათი ხალხური სიმღერა“ „რუსთავმა“ ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების უამრავი ნიმუში გააცნო მაყურებელს. სხვათა შორის, ამ ციკლის გადაცემებში ჟღერდა ძველ მომღერალთა მიერ შესრულებული სიმღერები, რომლებსაც შემდეგ თვით „რუსთავი“ იმეორებდა საკუთარი ინტერპრეტაციით. მაგრამ სწორედ ამ გამეორებისას განსაკუთრებით თვალნათლივ ჩანდა სხვაობა სახალხო მომღერალთა და „რუსთავის“ წევრთა საშემსრულებლო მანერას შორის. დაკვირვებული მსმენელიც, ალბათ, შეამჩნევდა, რომ „რუსთავის“ ვარიანტები ევროპულად „დაწმენდილი“, „გაკულტურებული“, „გააკადემიურებულია“.

თუკი „რუსთავი“ ცდილობს დაუახლოვდეს ხალხურ პირველწყაროს და ეს ერთ-ერთ ძირითად პრინციპად აქვს დასახული, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ამ მიმართულებით მუშაობას იგი უფრო გააძლიერებს და მეტ წარმატებებსაც მიაღწევს.

ამის თქმის უფლებას გვაძლევს ანსამბლის თითოეული წევრის მდიდარი გამოცდილება და ხალხური სიმღერების კარგი ცოდნა. ხოლო რაც ყველაზე უფრო მთავარია, „რუსთავი“ დღესაც აქტიურ საკონცერტო ცხოვრებას ეწევა და ყოველგვარი საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ იგი კიდევ დიდხანს გაგვახარებს თავისი შემოქმედებით.

 

თბილისი. 1997 წ.