ანსამბლრუსთავისადმინისტრაციის პრესრელიზი, 30 აგვისტო, 2019

 

არ გამოტოვოთ!..

ანსამბლ „რუსთავის“ 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გამოვიდა უმნიშვნელოვანესი ანთოლოგია – „400 ქართული ხალხური სიმღერა“.

 

* * *

ნოდარ გურაბანიძე

თეატრმცოდნე

წიგნიდან

„ჩემი ცხოვრების თეატრი“

 

1975 წელს ესპანეთში ტარდებოდა მსოფლიოს ხალხების მუსიკალური ფოლკლორის ფესტივალი, რომელზეც მიწვეული იყო ანსამბლი „რუსთავი“, ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით. ფესტივალის შემდეგ, ანსამბლს თვენახევრის მანძილზე უნდა მოევლო ეპანეთის უმთავრესი რეგიონები (კატალონია, კასტილია, ანდალუზია, გალისია, ბასკონია, ასტურია…). ვინაიდან ეს ძალიან ხანგრძლივი გასტროლები იყო, მე, როგორც კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე და საკონცერტო დელეგაციის ხელმძღვანელი, საქართველოდან თხუთმეტი დღის დაგვიანებით, 30 დღიანი შვებულების ხარჯზე გამიშვეს. „გოსკონცერტში“ გამგზავრების წინ მომცეს მხოლოდ ოცი ფრანკი (ჩამოსვლისთანავე უნდა დამებრუნებინა) იმის ვარაუდით, რომ პარიზის აეროპორტიდან (ბურჟე), სპეციალური ავტობუსით უნდა გადავსულიყავი შარლ დე გოლის აეროპორტში, იქიდან კი მადრიდში გავფრინდებოდი. ორივე აეროპორტში დაგხვდებიანო – მითხრეს.

ესპანეთში ანსამბლ „რუსთავის“ ბრწყინვალე გამოსვლების შემდეგ კულმინაცია იყო გამარჯვებული კოლექტივების დასკვნითი კონცერტი ქალაქ სანტენდერში, ღია ცის ქვეშ. „რუსთავს“ ღამის თორმეტ საათზე მოუწია გამოსვლა და რამდენიმე საათის მანძილზე დატყვევებული ჰყავდა მოედანზე შეკრებილი მრავალათასიანი მაყურებელი. კონცერტის შემდეგ სასტუმროში მოვიდნენ შოტლანდიური ანსამბლის წევრები, მათ მოჰყვნენ ქორეოგრაფები, მხატვრები და მუსიკოსები. შოტალნდიელმა მომღერალმა ქალებმა ლამის ჭკუა დაკარგეს ჰამლეტ გონაშვილზე. ჰამლეტს გაუთავებლად ამღერებდნენ, სიმღერის შემდეგ მისცვივდებოდნენ და ყელში ჰკოცნიდნენ. ბოლოს სულ გადაირივნენ, კალთაში ჩაუსხდნენ და არ უშვებდნენ. აღელვებულ ჰამლეტს, ცოტა არ იყოს, ხმა აუკანკალდა ვნებისაგან და მოგვაძახა: „მომაშორეთ ეს გოგოები, ძარღვებში წყალი კი არ მიდგასო“…

მხატვრებში განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია ხევსურულმა კოსტიუმმა, მისმა სილუეტმა, თუ კაბალისტურმა ნაქარგობამ, მძივებითა და სამკაულებით გაწყობილმა ჯვრებმა და სხვა საკრალურმა ნიშნებმა. გვთხოვეს, ამ კოსტიუმების გადახატვის ნება მიგვეცა.

ესპანეთში მოგზაურობამ ამ ანსამბლის წევრებთან ძალიან დამაახლოვა, განსაკუთრებით, ანზორ ერქომაიშვილთან, ამ შესანიშნავ და საყვარელ ადამიანთან, რომელმაც წარუშლელი კვალი გაავლო ქართულ კულტურაში.

ჰამლეტ გონაშვილს კი თეატრალური ინსტიტუტიდან ვიცნობდი. იგი სამსახიობო ფაკულტეტზე სწავლობდა. ძალზე წესიერი, წყნარი და გაწონასწორებული იყო. პირველი ორი წლის მანძილზე არც მის მიერ შესრულებული როლი მინახავს და არც მხატვრული კითხვის საღამოებზე გამოსულა. სტუდენტების მიერ გამართულ კონცერტებში მონაწილეობაზე კი არასოდეს ამბობდა უარს. თავისი ხელით გამოიტანდა სკამს და ფანდურს, თავის ქოჩორა თავს ბუნებრივად და არა არტისტულად დაუკრავდა დარბაზს, კოხტად მომჯდარ მომწვანე კიტელს გაისწორებდა, ავანსცენაზე, შუაში დაჯდებოდა და იწყებდა გალობას. გამოვტყდები, რომ ბევრს არ გვესმოდა მისი ხმის ფენომენალური უნიკალობა და მისი იშვიათი მუსიკალობა. მეტსაც ვიტყვი, როცა იგი სახელმწიფო ანსამბლში მღეროდა (თან პროგრამა მიჰყავდა რუსულ ენაზე რუსეთში გასტროლებისას), მხოლოდ ერთ-ერთი გამორჩეული სოლისტი იყო სხვა სოლისტთა შორის. მუსიკოსი არ გახლავართ, მაგრამ მაინც გავბედავ და ვიტყვი: ჰამლეტ გონაშვილის ჭეშმარიტი სიდიადე ანზორ ერქომაიშვილის ანსამბლში გამოჩნდა მთელი მასშტაბით. სწორედ ანზორმა შეურჩია მას ისეთი რეპერტუარი, რომელმაც იმპულსი მისცა მომღერლის ნიჭის სრულ გაფურჩქვნას. ცხადია, ჰამლეტს დიდ ანსამბლშიც ჰქონდა სოლო პარტიები, მაგრამ იქ ანზორ კავსაძეს, ამ უნიჭიერეს ლოტბარს, ხმათა გუნდურ პრინციპზე (ტენორები, ბარიტონები) ჰქონდა აწყობილი მუსიკალური პარტიტურა და მომღერლის ინდივიდუალობა ისე მკვეთრად არ იყო გამოვლენილი. მთლიანად ანსამბლი კი უდიდეს შთაბეჭდილებას ტოვებდა.

კიდევ კარგი, რომ ჰამლეტს სამსახიობო ნიჭი არ აღმოაჩნდა, თორემ საქართველოს, შესაძლოა, ასეთი დიდი მომღერალი დაეკარგა. ეს არის მიხეილ კვესელავას დამსახურება, მან პირდაპირ უთხრა ჰამლეტს – შენგან მსახიობი არ გამოვა, შენი საქმე სიმღერააო და კონსერვატორიაში გადასვლა ურჩია. მართალია, სამსახიობო ნიჭი არ ჰქონდა, მაგრამ წარმოიდგინეთ, ძალიან არტისტული და მიმზიდველი იყო სცენაზე – შთაგონებული ქართული იერი ჰქონდა, სახის მკვეთრი, ლამაზი ნაკვთები, ოდნავ მოკაუჭებული, ფართონესტოიანი ცხვირი, შუქიანი თვალები, შავი ტალღოვანი თმა უკან ჰქონდა გადავარცხნილი, ულვაშები კოხტად შეკრეჭილი, ძლიერი, ნებისყოფიანი ნიკაპი ამთავრებდა მის გარეგნულ პორტრეტს. ნებისმიერი ფერის ჩოხა შვენოდა, გამოდიოდა მხრებში გაშლილი (დაკუნთული და ძლიერი სხეული ჰქონდა), მსუბუქი და თამამი ნაბიჯით, სცენაზეც და ცხოვრებაშიც ლაპარკობდა დახვეწილი დიქციით, რაც მაინც თეატრალური ინსტიტუტის დამსახურება გახლდათ.

დიდ კონცერტებზე ხშირად ვმდგარვარ მის გვერდით. ათასჯერ მაინც ხომ გამოსულა სცენაზე და თითქოს მაყურებლისა და სცენის შიშიც დაძლეული უნდა ჰქონოდა, მაგრამ მაინც ღელავდა, სახე უფითრდებოდა, ჯიშიანი ცხენივით უთრთოდა ცხვირის ნესტოები და ადგილზე ტოკავდა (მე არ შემხვედრია ისეთი ჭეშმარიტი არტისტი, რომელიც სცენაზე გასვლის წინ არ ღელავდეს. თვით რამაზ ჩხიკვაძეც, ეს ლაღი და უნიჭიერესი მსახიობი, არ იყო ამისგან თავისუფალი). ჰამლეტი ნაკითხი და განათლებული კაცი იყო. ყველაფერში ზომიერი, ბუნების იდუმალებას მინდიასავით გრძნობდა – დაუსრულებლად შეეძლო ელაპარაკა (ლაპარაკი კი, იცოცხლეთ, უყვარდა) მცენარეებზე, ბალახებზე, ვაზის ჯიშებზე. უცხოეთიდან ყოველთვის ჩამოჰქონდა ყვავილებისა და სხვადასხვა მცენარის ნერგები. მის საფლავზე, საბურთალოზე (მთავარი გზის პირას) აღმართულ სტელაზე სწორედ ვაზია ამოტვიფრული.

 

მოულოდნელი და თავზარდამცემი იყო მისი გარდაცვალება. ანაგაში, საკუთარ ეზოში ხიდან ჩამოვარდა და გულ-მკერდით დაეცა მიწაში ჩარჭობილ რკინის პალოს, რამაც მთავარი არტერია გადაუგლიჯა.

უამრავი ხალხი მოვიდა მის გასვენებაზე. პროფკავშირთა სასახლეში ბევრი გულისამაჩუყებელი სიტყვა ითქვა, მრავალი სამგლოვიარო წერილი დაიბეჭდა ჩვენს პრესაში. დიახ, ეს ყველაფერი იყო და მაინც ვამბობ, ჩვენ, მის თანამედროვეებს, ბოლომდე არ გვქონდა გააზრებული, რა ფენომენალურ მოვლენასთან გვქონდა საქმე. მაშ, რას, თუ არა ამ გაუგებრობას უნდა მივაწერო ის უხერხული სიტუაცია, რომელიც მისი საფლავის შერჩევისას შეიქმნა?! დაკრძალვის დღე ახლოვდებოდა, ქალაქისა თუ უმაღლეს ხელისუფლებას კი ჯერ კიდევ არ ჰქონდა გარკვეული სასაფლაოს საკითხი. სასოწარკვეთილი დარბოდა აქეთ-იქით ანზორ ერქომაიშვილი – „გადაწყვიტეთ, რომელ სასაფლაოზე კრძალავთ ამ კაცსო“, – ემუდარებოდა პარტიულ და სახელმწირფო ბიუროკრატებს. ბოლოს პირდაპირ უთხრა:

„თქვენ თუ ის გაფიქრებთ, მე სად დავსაფლავდები, იცოდეთ, არა მაქვს დიდუბის პანთეონში მოხვედრის პრეტენზია, მე დამკრძალავენ სოფელ მაკვანეთში, ჩემი წინაპრების გვერდით“.

როგორც იქნა, გადაწყდა: დიდი ჰამლეტ გონაშვილი დაასაფლავეს საბურთალოს საერთო სასაფლაოზე!.. (მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ გახდა შესაძლებელი ჰამლეტის გადასვენება დიდუბის პანთეონში).

დაობლდა დიდი ქართული სიმღერა და ანსამბლი „რუსთავი“, მხოლოდ ანზორ ერქომაიშვილის გენიამ შეძლო ამ ანსამბლისათვის ძველებური მხატვრული დონის შენარჩუნება.

ანზორ ერქომაიშვილისთანა ქართველების არსებობა იმის იმედით გვავსებს, რომ ჩვენ ერს გადაგვარება არ უწერია. ბევრ სახელოვან ქართველს შევხვედრივარ ჩემი ცხოვრების გზაზე, ბევრთან ახლო ურთიერთობა მაკავშირებდა და ყოველთვის აღტაცებული ვრჩებოდი მათი ცხოვრების წესით. ამ რჩეულ ქართველთა შორის ანზორი გამონაკლისია თავისი უანგარობით, კაცთმოყვარეობით, ქვეყნის სიყვარულით, მაღალი ზნეობითა და დიდი მუსიკალური ნიჭით. შემიძლია ვთქვა, რომ საზოგადო მოღვაწისა და მუსიკოსის „სტატუსი“ ერთ ჰარმონიულ მთლიანობას შეადგენს მასში, ქართველისათვის სრულიად უჩვეულო პასუხისმგებლობა, პუნქტუალობა და მეთოდურობა ახასიათებს.

ანსამბლის წევრებს არა მხოლოდ მუსიკალური ნიჭითა და მაღალი ვოკალური მონაცემების მიხედვით არჩევს, არამედ, უპირველესად, ზნეობრივი ნიშნით, სულიერი თვისებებით. ამიტომაცაა, რომ მისი ანსამბლი, ეს უპირველესად, მეგობართა, ურთიერთპატივისმცემელთა გუნდია, რომელსაც გამოარჩევს თვითდისციპლინა, ორგანიზებულობა და იმის შეგნება, რომ ისინი ქართული სულიერების მსახურნი არიან. სად და რა ვითარებაში არ მომისმენია ამ ანსამბლისათვის – თეატრში, ღია ესტრადაზე, უზარმაზარ მოედნებზე, სპორტის სასახლეებში, გრანდიოზულ ტაძრებში და მცირე მოცულობის ეკლესიაშიც კი. დაუვიწყარი იყო ამ ანსამბლის მიერ სპონტანურად წამოწყებული გალობანი სევილიის დიდ ტაძარში. ამ ტაძრის თაღებქვეშ მდგარ ვაჟკაცებს სამშობლოს მონატრებით გამოწვეულმა სევდამ დარია ხელი და უცებ ადგილობრივი მლოცველებითა თუ ტურისტებით სავსე დარბაზში ქართული საგალობლები გაისმა. სწორედ ამ ტაძრის თაღებქვეშ ვიგრძენი პირველად მთელი სისავსით ზეციურისადმი აღვლენილი მელოდიის ღრმა სულიერება, ღვთის სახლში დავანებული სულისა და ადამიანის სულის ჰარმონია, რომ ერი, ვინც ასეთი მუსიკა შექმნა, ისევე უკვდავია, როგორც ის, ვისაც ეს ჰიმნი ეძღვნება.

1990 წელს რუსთაველის თეატრი და ანსამბლი „რუსთავი“ ერთდროულად მართავდნენ გასტროლებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. თეატრი გამოდიოდა ბრუკლინში, პიტერ ბრუკის მიერ დაარსებულ მუსიკალურ აკადემიაში, ანსამბლი – ბროდვეიზე, დიდ თეატრალურ-საკონცერტო დარბაზში. ანზორ ერქომაიშვილმა თეატრის მსახიოებები და ქართველი ემიგრანტები მიგვიწვია დილის წირვაზე, უკრაინელთა მართლმადიდებლურ ეკლესიაში. აქ მათ იგალობეს ცხრა აპრილს დაღუპულთა სულების მოხსენიებისათვის და მე ვხედავდი, როგორ უსველდებოდათ ცრემლით სახეები მორწმუნე ადამიანებს, მიუხედავად მათი ეროვნული წარმომავლობისა. ეს გააკეთა ქართულმა გალობამ, თორემ ჩვენი ტრაგედიის ამბავი ხეირიანად არც კი იცოდნენ ეკლესიაში თავმოყრილმა მორწმუნეებმა. მაშინ მივხვდი, რომ ანზორის უჩვეულო რუდუნება ქართული ფოლკლორისადმი სხვა არაფერია, თუ არა ზრუნვა ჩვენი სულების გადარჩენისათვის. ასეთი მაღალი ზნეობრივი მიზანი წარმართავს მთელ მის მოღვაწეობას. მას შეუძლია უკანასკნელი გროშები გაიღოს, თვითონ ულუკმაპუროდ დარჩეს და სხვას გაუწოდოს დახმარების უანგარო ხელი. ესპანეთში, მაგალითად, მას თავისთვის არაფერი შეუძენია, მთელი ჰონორარი გადაიხადა ავადმყოფი რეზო ლაღიძის წამლებისათვის. მიამბეს, რომ გერმანიაში უკვე ნაყიდი მანქანა მეორე დღეს უკან დააბრუნა, რათა ერთი რუსთაველი მეგობრისათვის გულის ოპერაცია გაეკეთებინათ.

ანზორს კიდევ ერთი საკვირველი თვისება აქვს, მის ირგვლივ ყოველთვის თავს იყრიან ზნეობრივად სუფთა და ნიჭიერი ადამიანები. თვითონაც აქვს იმანენტური ლტოლვა ამგვარი ადამიანებისადმი, ამიტომაცაა ასე მიმზიდველი მის ახლობელთა წრეში ტრიალი.

ანზორ ერქომაიშვილი არც ერთ წუთს არ ჰკარგავს უმიზნოდ – თუ საქართველოშია, დაუსრულებლად ხვეწს და ამდიდრებს ანსამბლის რეპერტუარს, თუ უცხოეთში – ქართული სიმღერების ძველ ჩანაწერებს ეძებს (უამრავი, აქამდე ჩვენთვის უცნობი ფირფიტა თუ ჩანაწერი აღმოაჩინა, ჩამოიტანა, გაწმინდა, ხელახლა გააცოცხლა თავისი ანსამბლის შესრულებით). თვით დიდი კონცერტების დროსაც კი, ნომერსა და ნომერს შორის პაუზებისას, რეპეტიციებს მართავს.

ანზორმა თავისი ხელით გამოჭედა როგორც საკუთარი თავის, ასევე თავისი ანსამბლის მომავალი. მის მიერ შექმნილი ბიჭუნების გუნდი „მართვე“ ქართული მრავალხმიანი სიმღერის გარანტია. საზღვარგარეთ ამდენი საგასტროლო მოგზაურობით, უცხოეთში პერსონალური მიწვევებით, სხვადასხვა ფორუმში მონაწილეობით დიდად გაიზარდა ანზორ ერქომაიშვილის კულტურული ჰორიზონტი: – მსოფლიოს ყველა უმთავრესი მუზეუმი აქვს დათვალიერებული, უამრავ უნიკალურ ქალაქშია ნამყოფი, შეხვედრია და ურთიერთობა ჰქონია მსოფლიოში სახელმოხვეჭილ ადამიანებთან. დიპლომატიური ნიჭიც აღმოაჩნდა, რომელიც დიდად გამოადგა „იუნესკო“-სთან ურთიერთობაში. რა არ იღონა იმისათვის, რომ ქართული „ჩაკრულო“ მოხვედრილიყო მსოფლიო ცივილიზაციის იმ ნიმუშთა შორის, რომელიც დღევანდელმა კაცობრიობამ მომავალს გაუგზავნა კოსმოსში.

ესპანეთში, ფოლკლორული კოლექტივების საერთაშორისო ფესტივალზე (1975), უდიდესი წარმატება ხვდა წილად ანსამბლს „რუსთავს“, რისი მოწმეც თავად გახლდით. იმ დღეებში მიღებული შთაბეჭდილებები არასოდეს დამავიწყდება.

 

თბილისი. 2006 წ.