ანსამბლრუსთავისადმინისტრაციის პრესრელიზი, 30 აგვისტო, 2019

 

არ გამოტოვოთ!..

ანსამბლ „რუსთავის“ 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გამოვიდა უმნიშვნელოვანესი ანთოლოგია – „400 ქართული ხალხური სიმღერა“.

 

* * *

მანანა დოიჯაშვილი

პიანისტი

 

ანზორ ერქომაიშვილი სრულიად განსაკუთრებული მოვლენაა ჩვენს სინამდვილეში. ძნელია ჩამოთვალო ყოველივე ის, რაც ამ ერთმა ადამიანმა შეძლო თავისი ქვეყნის კულტურის სადიდებლად. მის გაკეთებულ საქმეს რამოდენიმე სიცოცხლე დასჭირდებოდა.

ნიჭიერი, უმაღლესი რანგის პროფესიონალი, გულანთებული, მშობლიურ ფოლკლორზე შეყვარებული, მიზანდასახული, პიროვნული ხიბლით სავსე. მან ჯერ კიდევ ახალგაზრდამ 1968 წელს შეკრიბა ხალხური მუსიკით დაინტერესებული მეგობრები და დააარსა ანსამბლი „რუსთავი“, რომელსაც რეზო ჭოხონელიძის მოცეკვავეთა ანსამბლი შეუერთდა. შედეგად ჩვენ მივიღეთ კოლექტივი, რომელიც ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათად იქცა.

„რუსთავმა“ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნის ფოლკლორის აღორძინების, დაცვის, განვითარების, პროპაგანდისა და საერთაშორისო აღიარების საქმეში. იგი იყო და დღესაც რჩება სამაგალითოდ მომავალი თაობებისთვის. უდაოა, რომ „რუსთავის“ წარმატებაში ლომის წვლილი ანზორ ერქომაიშვილს მიუძღვის.

საოცარია ანზორის მრავალწახნაგოვანი მოღვაწეობა და ინტერესების ფართო წრე. ასე, დღემდე ქართველი ბავშვების მუსიკალურ-ესთეტიკური აღზრდის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს მის მიერ დაარსებული ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „მართვე“, რომლის ფუნქციონირებამ ჭეშმარიტად სახელმწიფოებრივი დატვირთვა შეიძინა.

ფასდაუდებელია ანზორის მიერ სხვადასხვა ქვეყნის არქივებში აღმოჩენილი მეოცე საუკუნის დასაწყისში გრამფირფიტებზე ჩაწერილი ქართული ხალხური სიმღერების იშვიათი ნიმუშები.

მოსკოვის, ლონდონის, პარიზის, პრაღის არქივებში მანვე მიაგნო გამოჩენილი ქართველი მომღერლების ვანო სარაჯიშვილისა, სანდრო ინაშვილის, ფილიმონ ქორიძის, ია კარგარეთელის დაკარგული ფირფიტების კვალს – სიმღერის მატრიცებს და დიდი მუშაობის შემდეგ დაგვიბრუნდა საუკუნის წინ გაკეთებული ჩანაწერები – თითოეული ქართველისათვის ესოდენ ძვირფასი ხმები.

2002 წელს თბილისის კონსერვატორიაში ანზორ ერქომაიშვილის უშუალო მონაწილეობით და ხელშეწყობით დაარსდა ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. რომ არა მისი ენთუზიაზმი და კონტაქტები ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმს ის მასშტაბი და ხიბლი ნამდვილად არ ექნებოდა. ამ სიმპოზიუმზე სისტემატურად ჩამოდიან უცხო ქვეყნის ქართული სიმღერის თაყვანისმცემლები, რომელთა უმრავლესობას სწორედ ანზორ ერქომაიშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა შეაყვარეს და შეასწავლეს ქართული ხალხური სიმღერა. შეუძლებელია გულგრილად უსმინო ამ სხვადასხვა ეროვნების ანსამბლების უდიდესი სიყვარულით შესრულებულ ქართულ სიმღერებს.

დროთა ვითარებაში ანზორ ერქომაიშვილის შემოქმედებითი აქტივობა სულაც არ შესუსტებულა. იგი არის და მუდამ დარჩება პიროვნებად, რომელიც სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად და ქართველი ერის სიამაყედ.

 

თბილისი. 2015 წ.