ანსამბლრუსთავისადმინისტრაციის პრესრელიზი, 12 სექტემბერი, 2019

 

არ გამოტოვოთ!..

ანსამბლ „რუსთავის“ 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გამოვიდა უმნიშვნელოვანესი ანთოლოგია – „400 ქართული ხალხური სიმღერა“.

 

* * *

ელისო ვირსალაძე

პიანისტი

„რუსთავი“ –

ანსამბლი, რომელიც აღაფრთოვანებს მსოფლიოს

 

ქართული ხალხური სიმღერა ხასიათდება საყოველთაოდ ცნობილი უნიკალური პოლიფონიურობით. მუსიკალური მრავალხმიანი დახვეწილობა, ზოგჯერ მოულოდნელი გადასვლებით, ისეთ შთაბეჭდილებას გიქმნის, თითქოს შენ თვალწინ იქმნება ეს ნაწარმოები. არადა, უმრავლესი ცნობილი ქართული ხალხური სიმღერებისა, ხომ საუკუნეებს ითვლის.

ანსამბლი „რუსთავი“, ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით, აი, უკვე რამდენიმე ათეული წელია უდიდესი წარმატებით მოღვაწეობს და ახარებს მსმენელს როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში.

რამდენიმე კონცერტის მომსწრე ვიყავი უცხოეთში. ვხედავდი, როგორ აღაფრთოვანებდნენ ქართველი მომღერლები მსმენელს, გაოცებული და ამაყი ვიყავი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შესანიშნავი ანსამბლი კიდევ დიდხანს გაგვახარებს უზადო ოსტატობით.

 

მოსკოვი. 2015 წ.