ანსამბლრუსთავისადმინისტრაციის პრესრელიზი, 12 სექტემბერი, 2019

 

არ გამოტოვოთ!..

ანსამბლ „რუსთავის“ 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გამოვიდა უმნიშვნელოვანესი ანთოლოგია – „400 ქართული ხალხური სიმღერა“.

 

* * *

სოჯი იამაშირო

(იაპონია)

„იამაშიროგუმის“ ხელმძღვანელი

 

ეძღვნება ქართული ხალხური სიმღერების ანთოლოგიის პუბლიკაციას

1969 წელს, იაპონურ რადიოგადაცემაში პირველად მომეცა შესაძლებლობა მომესმინა ქართული პოლიფონიური სიმღერა. სულისშემძრავი აღმოჩნდა „დიამბეგო“-ს სრულყოფილი ჟღერადობა. საუცხოოდ შესრულებული სიმღერა, საგუნდო ხელოვნების ფარგლებში ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო, რომელმაც სრულიად განსხვავებული შესაძლებლობებით ამიხილა თვალები და ახალი ჰორიზონტი დამანახა. ეს იყო ყოველმხრივ ბრწყინვალე პოლიფონია, რომელიც ისეთ აკუსტიკურ ფორმებს შეიცავდა, რომელთა ამოცნობა და გაგება ვოკალური საგუნდო ხელოვნებისათვის ცნობილი მეთოდოლოგიის გამოყენებით შეუძლებელი აღმოჩნდა. გასაოცარი იყო სრულყოფილების მწვერვალებამდე აყვანილი, უმაღლესი სულიერებით გაჯერებული ხელოვნების ნიმუში და ძნელი იყო დაჯერება, რომ ყოველივე ეს ადამიანის მიერ იყო შექმნილი. მე მართლაც შეძრული აღმოვჩნდი სიმღერის სენსაციური მახასიათებლების მასშტაბითა და მათი უჩვეულობით.

იმავე წელს, მომღერალ გუნდთან ერთად, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი, გადავწყვიტე მეცადა ზემოხსენებული პოლიფონიური სიმღერის რეპროდუცირება სრულიად ახალი კონცეფციების გამოყენებით, რაც უცხო იყო მაშინდელი ვოკალური გუნდების უმრავლესობისათვის. სიმღერის რეპროდუქცია სხვა ეთნოლოგიურ წრეებს მიუღწეველ ოცნებად ესახებოდათ. საბედნიეროდ, ჩვენმა ამბიციურმა, გაბედულმა წამოწყებამ წარმატება ჰპოვა, რამაც ფრიად სერიოზულ შედეგებზე გაგვიყვანა. შვიდი წლის შემდეგ, 1976 წელს, ჩვენ რამდენიმე სიმღერა ჩავწერეთ კიდეც გრამფირფიტებზე და გამოვეცით ალბომი სახელწოდებით „ჩი-ნო ჰიბიკი“ („დედამიწის ექო“, რომლის გამოშვებაც კომპანია JVC-მ ითავა). ამ წარმატებულმა რეპროდუქციამ, იმ ხალხის მიერ, რომელიც საქართველოს ფარგლებს მიღმა იმყოფებოდა, დიდად შეუწყო ხელი 1974 წელს გუნდი „იამაშირო“-ს დაარსებას. მაშინ ეს იყო მსოფლიოში პირველი, უპრეცედენტო მოვლენა.

რომ იტყვიან, ბედმა გაგვიღიმა, როდესაც ხსენებული ალბომი, რომელშიც გუნდი „იამაშირო“-ს შესრულებით „ხასანბეგურა“ შედიოდა, მოხვდა ანსამბლ „რუსთავის“ დიდებული ხელმძღვანელის, ანზორ ერქომაიშვილის ხელში. ბატონმა ანზორმა კინორეჟისორ სოსო ჩხეიძესთან ერთად მოისმინა ეს სიმღერა, რის შემდეგაც ორივემ გადაწყვიტეს წამოსულიყვნენ ჩვენს სანახავად ოკეანის გადაღმა, იაპონიაში.

შეუძლებელია სიტყვებით იმის გადმოცემა, როგორი გაკვირვება, სიხარული და აღფრთოვანება მოჰყვა ჩვენი მხრიდან მათ მოულოდნელ ვიზიტს. ასე დაიწყო 1986 წელს ორ ქვეყანას შორის გამოცდილების ურთიერთგაზიარება პოლიფონიის ფონზე.

იაპონიაში გასტროლების დროს ანზორ ერქომაიშვილთან და ანსამბლ „რუსთავის“ წევრებთან შეხვედრის შემდეგ, ჩვენ არაერთხელ ვესტუმრეთ საქართველოს. ეს შესაძლებელი გახდა ბატონი ანზორის დიდი ძალისხმევისა და მხარდაჭერის შედეგად. საქართველოში ჩვენ ჩაგვიტარეს მასტერკლასები, რის შემდეგაც გაიმართა არაერთი კონცერტი, სადაც გაჟღერდა ჩვენი ორიგინალური ნაწარმოები სახელწოდებით „გუნგეი ნარუკამი“, დრამა ვოკალური საგუნდო შესრულებით, ზუსტად ისე, როგორც ქართული პოლიფონიას შეეფერებოდა. ჩვენი მეგობრობა „რუსთავთან“ კიდევ უფრო გაღრმავდა გამოცდილების ურთიერთგაზიარების, საერთაშორისო სიმპოზიუმში მონაწილეობის შედეგად, რომელიც ქ. თბილისში გაიმართა, ასევე სხვადასხვა ღონისძიებებთან დაკავშირებით საქართველოდან არაერთი შესანიშნავი ხელოვანის სტუმრობით იაპონიაში, რა თქმა უნდა, მათ შორის ანსამბლი „რუსთავიც“ იყო. ასეთმა პრაქტიკამ, გამოცდილების ურთიერთგაზიარებამ ღრმად გაიდგა ფესვები იაპონიაში და გახდა ჩვენი ბუნების, ჩვენი სისხლისა და ხორცის განუყოფელი ნაწილი.

ანზორ ერქომაიშვილმა საგულდაგულოდ მოიძია და აღადგინა უძველესი სასიმღერო ხელოვნება, რომელიც ტრადიციებისა და ინოვაციის ნაზავს წარმოადგენს, რაც ორიათასწლოვანი ისტორიის მანძილზე ისწავლებოდა და საქართველოს ეთნიკურ კულტურაში ღრმად ჰქონდა გადგმული ფესვები. მან გააცოცხლა, ააღორძინა ეს ხელოვნება და დღევანდელ დღემდე მოიტანა. ანზორ ერქომაიშვილმა ეს მოახერხა ისტორიული მნიშვნელობის უძველესი აუდიო ჩანაწერების აღმოჩენით და ძველი თაობის, ხანდაზმული მომღერლების წყალობით, რომლებიც მემკვიდრეობით, ზეპირი სახით გადასცემდნენ თაობიდან თაობას უკვე მივიწყებულ სიმღერებს. ანზორ ერქომაიშვილმა ასევე საფუძველი ჩაუყარა სისტემურ მიდგომას. იგი თავად არის ბრწყინვალე მომღერალი, უნიკალური, უიშვიათესი ცოდნის პატრონი და დიდებული ხელმძღვანელი. დღემდე მსოფლიოში ვერავინ შეძლო მიეღწია ხელოვნების ისეთი სიმაღლეებისთვის, როგორსაც მან მიაღწია, თანაც ყოველივე ეს გააკეთა ესოდენ სკრუპულოზურად და კონსოლიდირებულად.

ანსამბლ „რუსთავის“ ბრწყინვალე წარმოდგენები და მათი დინამიურობა მართლაც სრულყოფილად განასახიერებს და ხაზს უსვამს ამ ხელოვნების განსაკუთრებულობას. ყოველივე ამით ისინი მთელ მსოფლიოში ხიბლავენ ადამიანებს და ყველაზე დამაჯერებელ, ფუნდამენტურ და ნათელ პასუხს იძლევიან შეკითხვაზე – რა არის ჭეშმარიტი ბედნიერება  ადამიანისთვის.

წინამდებარე ანთოლოგიის გამოცემა, რომელშიც 380 სიმღერა შედის და თავად ამ კუთხით, ყოველმხრივ სრულყოფილ წიგნს წარმოადგენს, ნიშნავს იმას, რომ ქართული პოლიფონია მსოფლიოს ხალხებისთვის ხელმისაწვდომი ხდება არა მხოლოდ როგორც მსოფლიოს არამატერიალური, სულიერი მემკვიდრეობა, არამედ როგორც უაღრესად ფასეული, მატერიალური მონაპოვარი. როდესაც ამ საუცხოო, ჯადოსნურ პოლიფონიაში თავად შევაბიჯებ და მივცურავ უსაზღვროდ ღრმა და თვალუწვდენელ ოკეანეში, ამ ხელოვნების ბრწყინვალება არ არის ერთადერთი, რასაც მე ვგრძნობ და აღმოვაჩენ; უდიდესი შთაბეჭდილების ქვეშ ვიმყოფები, რადგან თავად ვხედავ და ვგრძნობ დიალოგს ადამიანთა შორის, რომელთა ხელშიც, თაობების მანძილზე გამოიარა ამ მართლაც ჭეშმარიტმა ხელოვნებამ, ვხედავ მათი სახეების თითოეულ გამომეტყველებას, მათ ყოველ მოძრაობას.

 

ტოკიო. 2015 წ.