ანსამბლრუსთავისადმინისტრაციის პრესრელიზი, 12 სექტემბერი, 2019

 

არ გამოტოვოთ!..

ანსამბლ „რუსთავის“ 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გამოვიდა უმნიშვნელოვანესი ანთოლოგია – „400 ქართული ხალხური სიმღერა“.

 

* * *

ნიკო კეცხოველი

(1897-1982)

ბოტანიკოსი

 

მღერის ანსამბლი „რუსთავი“

 

დიდი საშვილიშვილო საქმე გაკეთდა – გამოიცა ფირფიტების კრებული „მღერის ანსამბლი „რუსთავი“, რომელზეც 60 ქართული ხალხური სიმღერა-საგალობელია  აღბეჭდილი.

მღერის „რუსთავი“ და ლამის ქვა და ხეც აამღეროს, იმდენად სულშიჩამწვდომია მათი სიმღერის ყოველი ჰანგი. უსმენ ამ დიდებულ ჩანაწერებს და გესმის მთელი საქართველოს ომახიანი გუგუნი, თვალწინ გიდგება ჩვენი სათაყვანებელი სამშობლო. ისმენ „კრიმანჭულს“ და ხედავ აყვავებული მთაგორაკებით დასახლებულ გურიას, ისმენ ვაჟკაცურ „ლილეს“ და გაგონდება სვანეთის მრისხანე მთები – უშბა და შხარა, მაგრამ, უცბად, როგორც „კლდისფხაზე თეთრი ყვავილი სანთელა ქარაფებისა“, ისე ახმოვანდება სინაზით სავსე სვანური ჰანგი. ისმენ კახურ „მრავალჟამიერს“ და თვალწინ იშლება ყურძნით, ბროწეულით, ლეღვითა და კაკლით დახუნძლული ალაზნის ველი. მხოლოდ გამრჯე ხალხს, ბარაქით სავსე კუთხეს შეეძლო ამდენნაირი „სუფრულის“ შექმნა. ისმენ ქართლურ „ჭონას“ და ფიქრობ მრავალჭირნახულ ქართულზე, რომელმაც სიმღერისთვისაც დრო გამოძებნა. უსმენ სიმღერების ამ შესანიშნავ კრებულს და გული სიამაყით გევსება. რა საოცარი სიმდიდრე, რა საოცარი მრავალფეროვნებაა! ერთმანეთს არც ერთი სიმღერა არა ჰგავს და მაინც გრძნობ იმ ჰარმონიულ ასიმეტრიას, დიდებულ ქართულ ხუროთმოძღვრებას რომ ამჩნევია. კრებულში ცოცხლდება ჩვენი ქვეყნის გმირული ისტორიაც…

ფირფიტების ამ კრებულის გამოცემა ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელის, საქართველოს სახალხო არტისტის ანზორ ერქომაიშვილის უდიდესი შრომის შედეგია. იგი უღრმეს მადლობას იმსახურებს არა მარტო ქართული ხალხური სიმღერა-საგალობლების მაღალ პროფესიულ დონეზე შესრულებისათვის, არამედ იმ დიდი პატრიოტული საქმისათვის, რომელსაც ასეთი გატაცებით ანხორციელებს ანსამბლ „რუსთავის“ წევრებთან ერთად.

მეცხრამეტე საუკუნის დასასრულს ლადო აღნიაშვილმა შექმნა მომღერალთა პირველი გუნდი. ეს იყო დიდი ეროვნული საქმე, რომელმაც სათავე დაუდო ქართული მუსიკალური აზროვნების აღორძინებას, ხალხური მუსიკის საგანძურის გადარჩენას.

მეოცე საუკუნის 60-იანი წლებიდან ქართულ სიმღერას ახალი უბედურება დაატყდა თავს, იძალა საეჭვო ხარისხის საესტრადო მუსიკამ. იძალა ამ მუსიკის არა ერთ ვაი პროპაგანდისტმა, სამწუხარო ისაა, რომ ამ მოძალებას პასუხისმგებელი ორგანიზაციებიც უჭერდნენ მხარს, იწვევდნენ საკმაოდ დაბალი დონის ორკესტრებს. ახალგაზრდობა მიჰყვა ამ ქროლვას და ივიწყებდა „ჩაკრულოს“, „ოდოიას“, „ხასანბეგურას“. დაახლოებით ასეთი სურათი იყო ათეული წლების წინათაც, როდესაც უძველესი და უნიკალური საგალობლების ხსენებაც კი ბოროტებად ითვლებოდა. ვინ იცის, ამის გამო რამდენი უნიკალური ჰანგი დავკარგეთ. აკაკი წერეთლის დასაფლავებაზე იოსებ იმედაშვილმა სოფელ ხაშმიდან ჩამოიყვანა მგალობელნი, რომლებიც გალობდნენ სრულიად თავისებურ, გულშიჩამწვდომ კილოზე. შემდეგში მსგავსი გალობა აღარ მომისმენია…

დღეს ამ დიდ საქმეს სათავეში უდგას ანზორ ერქომაიშვილი, რომელიც ემსახურება ქართულ ხალხურ სიმღერათა აღდგენა-შესწავლას, პოპულარიზაციას. მან ეს მისია მემკვიდრეობით მიიღო თავისი შესანიშნავი წინაპრებისაგან. შევესწარი ერქომაიშვილების ორ თაობას, რომელიც ამ დიდ საქმეზე რუდუნებით მუშაობდა.

ანზორ ერქომაიშვილი საქებია იმიტომაც, რომ მან გვერდში ამოიყენა თავისი შესანიშნავი მომღერლები, ქართული ხალხური სიმღერა-საგალობლების ნამდვილი მცოდნენი, როგორებიც არიან ჰამლეტ გონაშვილი, გაიოზ არაბაშვილი, ჯუმბერ ყოლბაია, რამინ მიქაბერიძე, ბადრი თოიძე, გენო მუჯირი, სალივერ ვადაჭკორია, ლადო წივწივაძე, ნუგზარ გელაშვილი, ირაკლი მათიკაშვილი, თავდადებით რომ იღვწიან ქართული ხალხური მუსიკის კეთილდღეობისათვის.

ამ შესანიშნავი გუნდის დამსახურება ისიცაა, რომ მან თორმეტ წელიწადში მოიარა ლამის მთელი ქვეყანა და მსოფლიო ხალხებს გააცნო მშობლიური მუსიკის მრავალი უნიკალური ნიმუში.

მადლობა ანზორ ერქომაიშვილს და მის მეგობრებს ასეთი შესანიშნავი გუნდის შექმნისათვის, ხალხური სიმღერების უკვდავსაყოფად გამოცემული კრებულისათვის, მოზარდთა გუნდის „მართვეთა“ ჩამოყალიბებისათვის, სულ მალე რომ აფრინდებიან.

 

თბილისი. 1980 წ.