ანსამბლი

დღეს საქართველოში მრავლადაა ისეთი ანსამბლები, რომლებიც იღვწიან შეინარჩუნონ და განავითარონ ხალხური ტრადიციები. ერთ-ერთი ასეთი ანსამბლი გახლავთ „რუსთავი“ – ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი.

„რუსთავი“ შეიქმნა 1968 წელს. ეს ბრწყინვალე ქოლექტივი ნაყოფიერ შემოქმედებით ცხოვრებას ეწევა – აღადგენს მივიწყებულ ხალხურ სიმღერებსა და ცეკვებს, მართავს კონცერტებს და მონაწილეობას იღებს ფესტივალებში, რადიო და ტელეგადაცემებში, ფილმებში. „რუსთავი“ ხალხურ სიმღერებს იწერს კომპაქტ-დისკებზე, გასტროლებით მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყნებში და ქართულ ფოლკლორს აცნობს მსოფლიოს.

„რუსთავის“ მომღერლები, მოცეკვავეები და ინსტრუმენტალისტები თავიანთი საკონცერტო პროგრამის შესრულებისას ოსტატურად მოდიან ერთმანეთთან სრულ ჰარმონიაში და ამით ხალხური კულტურის იშვიათი სილამაზის ნიმუშს წარმოგვიდგენენ.

 

თავისი არსებობის მანძილზე „რუსთავმა“ ჩაატარა 5000-ზე მეტი კონცერტი, წარმატებით მოიარა მსოფლიოს 80-მდე ქვეყანა (ბევრი მათგანი რამდენჯერმე). მსოფლიოს სხვა დასხვა ქალაქების დიდი საკონცერტო დარბაზები ოვაციებს უმართავდნენ “რუსთავის” საშემსრულებლო ხელოვნებას. პრესა მაღალ შეფასებას აძლევს მის გამოსვლებს.

ანსამბლ “რუსთავის” დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ანზორ ერქომაიშვილი. იგი ერქომაიშვილების მუსიკალური დინასტიის მეშვიდე თაობის წარმომადგენელია. ამ გვარს 300 წლის ისტორია აქვს, ამიტომ მან წინაპრებისაგან მემკვიდრეობით მიიღო ქართული ხალხური სიმღერის ცოდნა და მდიდარი საშემსრულებლო ტრადიციები.

დღემდე ანსამბლის ლოტბარი და დირექტორი გახლდათ ასევე ტრადიციული მომღერლების შთამომავალი, საქართველოს სახალხო არტისტი და სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, სახელოვანი ბადრი თოიძე.

2016 წლიდან, ანსამბლ „რუსთავის“ დირექტორია ამირან თოიძე, ახალგაზრდა ნიჭიერი ხელმძღვანელი, რომელიც მაღალ თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისი მენეჯმენტის უნარ-ჩვევებითა და ინოვაციური მიდგომებით გამოირჩევა.

ანსამბლის ხელმძღვანელი და მთავარი ქორეოგრაფია წარსულში ილიკო სუხიშვილის და ნინო რამიშვილის „ქართული ეროვნული ბალეტის“ წამყვანი მოცეკვავე სოლისტი, საქართველოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოცეკვავედ აღიარებული ბატონი ფრიდონ სულაბერიძე. ხალხური ცეკვების გემოვნებით აღსავსე, ორიგინალურ დადგმას მისი განსაკუთრებული ხელწერა ამშვენებს. ფრიდონ სულაბერიძის წყალობით, „რუსთავმა“ სრულყო მთელი საქართველოდან წარმოდგენილი ხალხური ცეკვის მდიდარი და მრავალფეროვანი მონაპოვარი და აკადემიური ანსამბლის საუკეთესო სახასიათო ნიშან-თვისებები შეიძინა.

„რუსთავის“ ცეკვებს ამშვენებს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალხური სიმღერები და ინსტრუმენტული თანხლება. სულაბერიძე და ერქომაიშვილი ცეკვებით, სიმღერებითა და ხალხური ინსტრუმენტებით ჰარმონიულ სანახაობას ქმნიან. ამით ისინი უფრო სიღრმისეულად წარმოაჩენენ კუთხურ თავისებურებებს, რაც „რუსთავს“ გამოარჩევს სხვა ანსამბლებისგან.

„რუსთავს“ ქართული კულტურის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სხვადასხვა დროს მრავალი ჯილდო და პრემია აქვს მიღებული.

დღეს „რუსთავმა“ თავისი დიდების აპოგეას მიაღწია. იგი წარმატებით მართავს კონცერტებს როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.

ანსამბლის მთლიანი დასი შედგება 61 წევრისგან.