ბიგინერს გაიდ

ანსამბლი „რუსთავი“

ინგლისის პრესა ანსამბლ “რუსთავის” შესახებ, 31 მარტი, 2016

წყარო: http://www.songlines.co.uk/world-music-news/category/songlines-blog/

 

საიმონ ბროუტონი აღფრთოვანებულია იმით, რომ ქართული ანსამბლის პოლიფონიური სიმღერა მალე გაერთიანებულ სამეფოში გაჟღერდება

 

ანსამბლ „რუსთავის“ მომღერალთა გუნდი „ბიგინერს გაიდის“ ის ერთადერთი განსაკუთრებული სტუმარია, რომლის ნამღერიც ჩვენს მიწიერ სამყაროს სცილდება და არაამქვეყნიურ შთაბეჭდილებას ტოვებს. „რუსთავის“ შესრულების მოსმენისას, თქვენ სულ სხვა სამყაროში შეაბიჯებთ.

1977 წელს, ორი კოსმოსური ხომალდით „ვოიაჯერი“, კაცობრიობის მუსიკალური საგანძურის მოოქროვილ დისკზე ჩაწერილი 27 ნიმუში კოსმოსში გაუშვეს (იხილეთ მეტი პერიოდული გამოცემის 87-ე ნომერში). ბახის, ბეთჰოვენის და სტრავინსკის შემოქმედებასთან ერთად იყო ჩაკ ბერი, ლუის არმსტრონგი და ბლაინდ უილი ჯონსონი, ისევე, როგორც ადგილობრივი ამერიკული საგალობლები, ჰავაური გამელანი, ჩინური ქინი და ქართული პოლიფონია. კოსმოსური ხომალდი გაემართა ჩვენი მზის სისტემის საზღვრებს მიღმა და ჩანაფიქრის მსგავსად უნდა უჩვენოს, კარლ საგანის სიტყვებს თუ მოვიშველიებთ, „რის შესახებ არის ჩვენი სამყაროს კულტურა, რის შესახებაც ვისურვებდით, რომ სხვებს გაეგოთ, რითაც ჩვენ ვიამაყებდით.“ ანსამბლ „რუსთავის“ „ჩაკრულოს“ ჩანაწერი შემოთავაზებულ იქნა ალან ლომაქსის მიერ და იგი აღმოსავლეთ საქართველოს ვოკალური პოლიფონიის ფანტასტიურ ნიმუშს წარმოადგენს. იგი გამსჭვალულია ნელა მოძრავი ჰარმონიული ჟღერადობით, რასაც თან ახლავს მყისიერი დისონანსები, ყოველივე ეს ქმნის ტექტონიკური ქანების შეჯახების ეფექტს. ეს მუსიკა ჟღერს ბუნებრივად, სტიქიურად და არაამქვეყნიურად, ისევე, როგორც საქართველოს განსაცვიფრებელი, ალპებზე მაღალი მთაგორიანი ლანდშაფტები ან მისი ეგზოტიკური, ნაციონალური ხელნაწერები – ჩვენთვის, ვისაც არ შეუძლია მათი წაკითხვა, ესოდენ თვალწარმტაცი. საქართველო ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე მდებარეობს, და მაშინ, როდესაც მუსიკა თავისი მდიდარი პოლიფონიით ჟღერს ევროპულ სტილში, იგი ასევე სრულიად უცხოა თავისი მკვეთრი მელოდიებითა და დისონანსებით. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ამ მიზეზით მოხდა ქართული პოლიფონიის, კერძოდ კი „ჩაკრულოს“, როგორც კაცობრიობის ერთ-ერთი ბრწყინვალე მუსიკალური მონაპოვარის შერჩევა. ანსამბლი შეიქმნა მომღერლისა და მუსიკოლოგის, ანზორ ერქომაიშვილის მიერ 1968 წელს. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში სწავლის შემდეგ, ერქომაიშვილმა მთელი საქართველოდან მოიწვია მომღერლები რათა თავიანთი რეპერტუარი და მათი კუთხისათვის დამახასიათებელი სტილი მოეტანათ ანსამბლში. ამას მოჰყვა ქართული პოლიფონიური სიმღერის ყველაზე ცნობილი ნიმუშების და მათი შემსრულებლების გაჟღერება მსოფლიოს საკონცერტო დარბაზებში. მომღერალთა გუნდი გამოჩნდა ბიბისი პრომსში 1997 წელს, სადაც ყოველი ნაწარმოები ჩამონათვალში მითითებული იყო სახელწოდებით „პრომსის პრემიერა“! მიუხედავად იმისა, რომ ერქომაიშვილი აღარ მღერის ანსამბლთან ერთად, იგი ჯერ კიდევ არის გუნდის წარმმართველი შუქურა და მისი დასწრება და მონაწილეობა მათ ბოლო წარმოდგენაში ბარბიქენის ცენტრში (გაერთიანებულ სამეფოში) ოქტომბრის თვეში უმნიშვნელოვანესი იყო. „ჩემს ოჯახს – ერქომაიშვილებს – 300 წლიანი მუსიკალური ისტორია აქვს,“ ამბობს ის. „მე ჩემი წინაპრებისგან მემკვიდრეობით მივიღე უდიდესი საგანძური, რომელიც იმ დროისათვის, არ იყო ნამღერი. იმ დროს ხალხური სიმღერები არ იყო იმდენად პოპულარული, ვინაიდან ხალხს უფრო მეტად აინტერესებდა ევროპული წარმოშობის პოპ-მუსიკა. აქედან გამომდინარე ვგრძნობდი, რომ აუცილებელი იყო ისეთი ანსამბლის ჩამოყალიბება, რომელიც შეასრულებდა უძველეს ტრადიციულ სიმღერებსა და საგალობლებს.“ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ხშირად ისმის, რომ ეროვნული მუსიკა იკრძალებოდა ან იზღუდებოდა საბჭოთა პერიოდში. თუმცა, ეს არ შეესატყვისება სინამდვილეს, და ერქომაიშვილი ამბობს, რომ მათ არ ჰქონიათ დაბრკოლება საბჭოთა მთავრობის მხრიდან. მართლაც, მათი მუსიკა ჩაწერილ იქნა, იგი გაიტანეს დასავლეთში და ანსამბლმა მთელი მსოფლიო მოიარა გასტროლებით. პრობლემა არსებობდა მხოლოდ საეკლესიო საგალობლებთან დაკავშირებით, რომლებიც მკაცრად იკრძალებოდა. „სუფრული სიმღერები“, რომლებიც ლხინის დროს სადღეგრძელოებს შორის ისმის ხოლმე, ჯერ კიდევ ხშირად იმღერება საქართველოში, თუმცა, სხვა სიმღერებს, როგორიცაა გუთნური ან მკის სიმღერები, აღარ აქვთ თავიანთი პირვანდელი ტრადიციული დატვირთვა. ანსამბლმა „რუსთავმა“ გააკეთა ის, რომ გადაარჩინა ასეთი სიმღერები მათი ცოცხალი შესრულების გზით. წინათ, საქართველოში არსებულ მომღერალთა ანსამბლებს შეიძლებოდა შეესრულებინათ თავიანთი კუთხისთვის დამახასიათებელი რეპერტუარი, მაგრამ ის, რაც ერქომაიშვილმა გააკეთა, იყო უმნიშვნელოვანესი. მან მთელი ქვეყნის სიმღერებს ერთი ანსამბლის რეპერტუარში მოუყარა თავი და ამით შეძლო წარმოეჩინა ქართული სიმღერის მრავალსახოვანება. სწორედ რუსთაველებს ხვდათ წილად, რომ ქართული პოლიფონია პროფესიონალურ დონეზე წარმოეჩინათ და ეჩვენებინათ ის მთელი მსოფლიოსათვის. მათი განმასხვავებელი ნიშანია მამაკაცთა ხმები – რაც ერთგვარი ტრადიციაა საქართველოში, თუმცა დღეს უკვე არიან ქალთა ანსამბლებიც – ისინი იმოსებიან ეროვნული შალის სამოსელით სახელწოდებით ჩოხა, რომელსაც სავაზნე მწკრივები ამშვენებს. მათ დღეს უკვე მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა გააჩნიათ და საჩვენებლად არის გამიზნული. საქართველოში პოლიფონიური სიმღერის არა ერთი, არამედ რამდენიმე ტიპი არსებობს, რაც ჩვეულებრივ სამი დამოუკიდებელი სტილით არის წარმოდგენილი. აღმოსავლეთში, დედაქალაქ თბილისის გარშემო, და მეღვინეობით ცნობილ კახეთის მხარეში, ეს არის ძალზედ მძლავრი გუნდური სტილი ურთიერთგადაჯაჭვული, ჩახვეული ზედა ლინიალური მელოდიური მოძრაობებით და მძლავრი ჟღერადობის ბანით. „ჩაკრულო“ და მრავალი სხვა ყველასათვის საყვარელი და გამორჩეული სიმღერა სწორედ ამ კუთხიდან არის. დასავლეთში, კერძოდ სამეგრელოში, გურიაში და აჭარაში, სიმღერა უფრო ვირტუოზულია, რომელიც სოლოს პარტიას წარმოაჩენს სწრაფად მოძრავი, იოდლის მსგავსი სტილით, რომელსაც კრიმანჭული ეწოდება. ესენი უფრო ეპიკური და საგმირო სიმღერებია. სვანეთში, რომელიც კავკასიონის მთებში საქართველოს ყველაზე შორეული მხარეა, გვხვდება უფრო უხეში და სადად მჟღერი სიმღერის სტილი. ბევრი სვანური სიმღერა სათავეს წინაქრისტიანულ ტრადიციებთან იღებს და თავისი ჟღერადობით მართლაც უძველესია: თავდაპირველად უცნაურად და მკვეთრად დისჰარმონიულად გეჩვენებათ, მაგრამ შემდეგ ყოველივე ეს დამატყვევებელი ხდება. საინტერესოა, აქვს თუ არა ანზორ ერქომაიშვილს გამორჩეულად საყვარელი რეგიონული სტილი. „როგორც ლოტბარი და ეთნომუსიკოლოგი,“ იგი თავაზიანად გვპასუხობს, „მე პატივს ვცემ და მიყვარს საქართველოს ყველა კუთხის სიმღერა.“ გარდა ხსენებული ფართო რეგიონული სტილებისა, არსებობს კიდევ საეკლესიო მუსიკა, რომელიც ასევე მდიდარია მრავალხმიანობით და დიდი ალბათობით მომდინარეობს ხალხური ტრადიციიდან. არავინ იცის რატომ აქვთ ქართველებს ესოდენ მძლავრი პოლიფონიური ტრადიცია, რომელიც ასე განსხვავდება ჩრდილოეთში არსებული უფრო მეტად ევროპული რუსული პოლიფონიისგან, მაშინ როცა მათ მეზობლებს – სომხებს, აზერებსა და თურქებს – აქვთ ცალსახად ჰომოფონური ტრადიციული სიმღერები. მაშინ, როდესაც ანსამბლ „რუსთავის“ მომღერლები უაღრესად შთამბეჭდავები არიან კახური სუფრული სიმღერების მჭექარე ხმით შესრულებისას, ასეთ დროს ლამის კედლები ზანზარებენ, მათ ასევე შეუძლიათ უაღრესად ნაზად და რბილად სიმღერა, რაც მომაჯადოებელია. რეპერტუარის ძირითადი ნაწილი ეს არის კაპელა, მაგრამ ზოგჯერ არის ინსტრუმენტული აკომპანემენტი ფანდურით, ჩონგურით ან ჩანგით, ეს უკანასკნელი სვანეთში გვხვდება. ანსამბლ „რუსთავის“ სრული შემადგენლობა ასევე გულისხმობს მოცეკვავეებს, რომელთაც შეუძლიათ სცენაზე წარმოადგინონ ქორეოგრაფიული შესრულების წარმოუდგენელი სანახაობა. მაგრამ ის, რასაც „რუსთავი“ აკეთებს, მისი მოღვაწეობის გულს მამაკაცთა გუნდი წარმოადგენს. რუსთაველებმა პირველი გრამფირფიტა ჩაწერეს საბჭოთა მუსიკალური ფირმა „მელოდიისთვის“ 1973 წელს. თუმცა მათი პირველი საერთაშორისო რელიზი გახლდათ „ქართული ხმები“, 14 სიმღერისგან შემდგარი კომპაქტ-დისკი მუსიკალური ფირმა „ნონსაჩ“-ისთვის (Nonesuch). აღნიშნული სიმღერები შერჩეულ იქნა ანზორ ერქომაიშვილისა და ტედ ლევინის მიერ „100 ქართული ხალხური სიმღერა“-დან, რომლებიც მათ 1980 წელს ჩაწერეს. წლების განმავლობაში „რუსთავს“ მიღებული აქვს მონაწილეობა არაერთ ერთობლივ პროექტში – ერთ-ერთი ბოლო ასეთი პროექტი გახლავთ გახმაურებული „მოხეტიალეთა სიმღერები“, რომლის ფაბულას წარმოადგენს ჩანაწერი ანსამბლ „რუსთავის“ შესრულებით – ტაივანის საბალეტო დასთან, “ქლაუდ გეითთან” ერთად. ისინი ასევე მუშაობენ უელსურ მომღერალთა გუნდთან ერთად კონცერტის გასამართად ივნისის თვეში. თუმცა მათ მიერ ჩაწერილი საბოლოო პროდუქტი ერთმნიშვნელოვნად ტრადიციული ქართული სიმღერაა.

+ განრიგი  ტაივანის საბალეტო დასის, “ქლაუდ გეითის” „მოხეტიალეთა სიმღერები“ სადლერს ველსში, 4-7 მაისი. ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტი უელსში, კარდიფში, ლანდაფის საკათედრო ტაძარში მუსიკალურ ფესტივალზე 3 ივნისს.

საუკეთესო ალბომები

ქართული ხმები

(ნონსაჩ, 1989)

შესაძლოა ეს არის ანსამბლ „რუსთავის“ საუკეთესო სრული ალბომი. ცამეტი სიმღერა წარმოდგენილია საქართველოს ყველა ძირითადი კუთხიდან, მათ შორისაა კოსმოსში გაშვებული სუპერ ვარსკვლავი „ჩაკრულო“ და რამდენიმე საეკლესიო საგალობელი. ესენია ძველი „მელოდიას“ ანალოგიური ჩანაწერები რეალურობის უფრო მძაფრი შეგრძნებით.

 

ანსამბლი „რუსთავი“ და დუდუკის ტრიო

საქართველო

(ნეთვერქ მედიენ, 1991)

თვრამეტი სიმღერა ანსამბლ „რუსთავი“-სგან, სადაც ყველა ძირითადი კუთხე და ჟანრია წარმოდგენილი. ჩაწერილია ცოცხალი შესრულებით ბონში. აქვეა წარმოდგენილი ექვსი ინსტრუმენტული ნაწარმოები დუდუკის ტრიოს შესრულებით, რაც ძალიან ხშირად გვხვდება როგორც საქართველოში, ასევე სომხეთში.

 

ალილო: უძველესი ქართული ხალხური საგუნდო სიმღერები

(სანქტ-პეტერბურგ კლასიკს/სონი, 1994)

ზემოთმოყვანილ ალბომებთან შედარებით, გაცილებით დიდ იშვიათობას წარმოადგენს. წინამდებარე ალბომი ეძღვნება ეკლესიას და სასულიერო მუსიკას. ჩაწერილია თბილისში კომუნიზმის დაცემისა და დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე. გამორჩეულია მელოდიებით, სადაც საუცხოოდ არის წარმოჩენილი ჰარმონიული დაპირისპირება.

 

მირანგულა: ქართული ხალხური სიმღერები

(სანქტ-პეტერბურგ კლასიკს/სონი, 1994)

ზემოხსენებული მუსიკალური ალბომის გაგრძელება, რომელშიც წარმოდგენილია „რუსთავის“ ტრადიციული ხალხური სიმღერების რეპერტუარი. შესანიშნავი ალბომი იწყება „ჩაკრულოს“ საუკეთესო ჩანაწერით რომელიც ოდესმე მომისმენია.

ფიცი ხიდისთავთან

(შანაჩი, 1998)

წინამდებარე ალბომის სახელწოდება მომდინარეობს „ჩაკრულოს“ ტექსტიდან, რომელიც აგვირგვინებს საგმირო სიმღერებისა და საეკლესიო საგალობლების 18 ნაწარმოებისგან შემდგარ კრებულს.