ისტორია

მოკლედ ანსამბლ “რუსთავის” შესახებ

 

დღეს საქართველოში მოქმედებენ სხვადასხვა სახის ანსამბლები, რომლებიც სათუთად ინახავენ და ავითარებენ ხალხური შემოქმედების ტრადიციებს. ერთ-ერთი ასეთი ანსამბლი გახლავთ სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი “რუსთავი”. ის ნაყოფიერ შემოქმედებით საქმიანობას ეწევა: აღადგენს მივიწყებულ ძველ ხალხურ სიმღერებს, იწერს სიმღერებს კომპაქტურ დისკებზე, მართავს კონცერტებს, მონაწილეობს ფესტივალებში, რადიო და სატელევიზიო გადაცემებში, იღებს და ახმოვანებს კინოფილმებს, ბევრს მოგზაურობს უცხოეთში და ქართულ ფოლკლორს აცნობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანას.

“რუსთავი” შეიქმნა 1968 წელს. თავისი არსებობის მანძილზე მან ჩაატარა 5000-ზე მეტი კონცერტი, წარმატებით მოიარა მსოფლიოს 80-მდე ქვეყანა (ბევრი მათგანი რამდენჯერმე), გამოდიოდა ისეთ პრესტიჟულ დარბაზებში, როგორიცაა პარიზის “ოლიმპია”, “მოგადორი” და “ფლეიერის თეატრი”, ლონდონის “ალბერტ ჰოლი”, მოსკოვის დიდი თეატრი, სანკტ-პეტერბურგის, ვენის, ამსტერდამის, ნიუ-იორკის, ტოკიოს, ქაიროს, რომის, შანხაის, ბერლინის და მსოფლიოს სხვა ქალაქების დიდი საკონცერტო დარბაზები ოვაციებს უმართავდნენ “რუსთავის” საშემსრულებლო ხელოვნებას. პრესა მაღალ შეფასებას აძლევს მის გამოსვლებს.

2005 წელს იუნესკომ თავის 60 წლის იუბილეზე, რომელიც ტოკიოში აღინიშნა, კონცერტის გასამართავად მხოლოდ ანსამბლი „რუსთავი“ მიიწვია.

“რუსთავს” სხვადასხვა დროს ფირფიტებისა და კომპაქტური დისკების სახით ჩაწერილი და გამოშვებული აქვს 800-ზე მეტი ქართული ხალხური სიმღერა-საგალობელი და მათი განსხვავებული ვარიანტები. მათგან 318 სიმღერა ჩაწერა იაპონურმა ფირმამ “SONY”.