ტაიპეი თაიმსი” ანსამბლ “რუსთავის” შესახებ, 20 ოქტომბერი, 2016

ანსამბლ “რუსთავის” წარმატებამ ტაივანში ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. აღნიშნულმა ფაქტმა ადგილობრივ პრესაშიც ჰპოვა გამოხმაურება.

დაიან ბეიკერის მიხედვით

წყარო: http://www.taipeitimes.com/News/feat/archives/2016/10/20/2003657527

წინამდებარე სტატიის დიდი მოცულობის გამო, გადავწყვიტეთ მხოლოდ მნიშვნელოვანი ადგილების თარგმანი განგვეთავსებინა საიტზე – ანსამბლ “რუსთავის” ადმინისტრაცია.

ლინ ჰვაი-მინმა მისი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სპექტაკლის სიღრმისეული შინაარსის სრულად გადმოსაცემად, ანსამბლ „რუსთავის“ მუსიკა გამოიყენა. მომდევნო კვირას, თეატრი „ქლაუდ გეითი“ „რუსთავის“ მომღერალთა გუნდს ორი სოლო კონცერტის გასამართავად უმასპინძლებს.

ბ-ნი ლინი მის მიერ შეძენილი თუ ნაჩუქარი კომპაქტ-დისკების საკმაოდ შთამბეჭდავი კოლექციის მფლობელია. როგორც იგი გვეუბნება, ახალ სპექტაკლში რომელიმე კომპოზიტორის მუსიკალური ნაწარმოების გამოყენებამდე, ზოგჯერ წლობით უსმენს მას.

თავის შემოქმედებაში ბ-ნ ლინს გამოყენებული აქვს მთელი მსოფლიოს მასშტაბით საუკუნეების განმავლობაში შექმნილი და შემონახული მუსიკა, დაწყებული იოჰან სებასტიან ბახით, ჰავაური გამელანითა და იაპონელი კომპოზიტორის, ტოშიო ჰოსოკავას აბორიგენული (ხალხური) სიმღერებით, დამთავრებული ამერიკელი მოდერნისტით, ჯონ ქეიჯით, რუსი კომპოზიტორით ალფრედ შნიტკეთი და თანამედროვე ჩინელი კომპოზიტორით ქიუ ქსიაოსონგით (瞿小松).

თუმცა, მუსიკისა და ქორეოგრაფიის ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ კომპილაციას წარმოადგენს ლინის „მოხეტიალეთა სიმღერები“ (流浪者之歌, 1994), რომელიც ჰერმან ჰესეს „სიდჰარტას“ ძიებით, სულიერი გამოღვიძების (ნირვანას) მიღწევის წყურვილითა და აზიური რელიგიური მომლოცველობითი გამოცდილებით იქნა შთაგონებული. ლინმა არჩევანი იმთავითვე პოლიფონიური ხალხური სიმღერებისა და საგალობლების შემსრულებელ, აღმოსავლეთ ევროპის მამაკაცთა მომღერალთა გუნდზე, ქართულ ანსამბლ „რუსთავზე“ გააკეთა.

„ქლაუდ გეითი“ „მოხეტიალეთა სიმღერებს“ წლების განმავლობაში ჩანაწერის სახით არსებული მუსიკალური აკომპანემენტის საშუალებით ასრულებდა, როდესაც გერმანელმა იმპრესარიომ, დიტერ ჯენიცკიმ „რუსთავის“ მომღერალთა გუნდი და „ქლაუდ გეითის“ მოცეკვავეთა დასი ერთობლივი კონცერტების გასამართავად ერთმანეთს დრეზდენის საერთაშორისო ფესტივალზე (“დრეზდნერ მუზიკფესტსპიელე”) 2011 წლის ივნისში შეახვედრა.

ორი წლის შემდეგ, ტაიპეის მაყურებელმა პირველად მოკრა თვალი ქართველ მომღერლებს, როდესაც ისინი სიმღერების შესასრულებლად შეუერთდნენ „ქლაუდ გეითს“ ეროვნული თეატრის სცენაზე ტაივანის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში.

ლინი კვლავ იწვევს „რუსთავს“ ტაივანში მომდევნო კვირას ორი სოლო კონცერტის გასამართავად თეატრ „ქლაუდ გეითში“, ტამსუის მხარეში, ნიუ ტაიპეი სითიში (淡水) და ქ.კაოჰსიუნგში შემდეგ შაბათ-კვირას.

წარმოდგენის სახელწოდებაა „რუსთავის“ მომღერალთა გუნდი – ქართული ხმები (喬治亞魯斯塔維合唱團-傳奇之聲).

ანსამბლი „რუსთავი“ დაარსდა 1968 წელს ანზორ ერქომაიშვილის მიერ, რომელიც წარმოშობით სახელოვანი მომღერლების ოჯახიდანაა და დღემდე რჩება ანსამბლ „რუსთავის“ უცვლელ სამხატვრო ხელმძღვანელად. მისი მიზანი იყო თავი მოეყარა ქართული ვოკალური მუსიკისათვის დამახასიათებელი განსხვავებული კუთხური თავისებურებებისთვის, რაც თავის მხრივ სამი ტიპის პოლიფონიურ სიმღერას გულისხმობს: კომპლექსურ პოლიფონიას, რომელიც ფალცეტისა და იოდლის (კრიმანჭულის) შესრულების ტექნიკით ხასიათდება; პოლიფონიურ დიალოგს, რომელიც კონტრასტული პოლიფონიისა და ბანის ფონზე იმღერება სამი ერთმანეთისგან განსხვავებული, გამორჩეული ხმითა და თავისებური, ნაწილობრივი იმპროვიზაციით.

პოლიფონიური, ან ობერტონული სიმღერა გულისხმობს იმას, რომ ვოკალისტები დამოუკიდებელი მელოდიის ორ ან მეტ მელოდიურ ხაზს ასრულებენ და მღერიან ერთდროულად, რაც ერთმანეთის გადამკვეთ ჰარმონიულ ეფექტს ქმნის.

საქართველოში, ანსამბლები ტრადიციისამებრ ქალთა და მამაკაცთა გუნდებად იყოფა, თუმცა „რუსთავი“, მთლიანად მამაკაცთა მომღერალთა გუნდს წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, წლების განმავლობაში, ანსამბლმა ორივე სქესის მუსიკოსებსა და მოცეკვავეებს მოუყარა თავი. თუმცა, ამჯერად ტაივანში მხოლოდ მომღერალთა გუნდი წარმოგვიდგენს კონცერტებს.

ტაივანის ადგილობრივ თემთა მრავალი სიმღერის მსგავსად, ქართული ხალხური სიმღერები და საგალობლები აღმოცენდა და განვითარდა როგორც მუსიკა, რომელიც იმღერებოდა და იგალობებოდა ყანაში მუშაობის დროს, ბრძოლის ველზე, მნიშვნელოვან საერო თუ სასულიერო დღესასწაულებზე და ლხინის დროს, საეკლესიო მსახურებაზე, თუმცა, თავად ანსამბლი, მუდამ საერო ტრადიციების მიმდევარი იყო და არის.

მომდევნო შაბათ-კვირას, 5-სა და 6 ნოემბერს, „რუსთავის“ მომღერალთა გუნდი ღია ცის ქვეშ გამართავს კონცერტებს ქ.კაოჰსიუნგის ხელოვნების ნაციონალურ ცენტრში ვეივუინგის ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში.

მანამდე კი, „ქლაუდ გეითის“ მყუდრო, 455 ადგილიანი თეატრი იდეალური გარემო იქნება „რუსთავის“ მრავალხმიანი, სრულყოფილების მწვერვალებამდე აყვანილი ღვთაებრივი სიმღერებისა და საგალობლების მოსასმენად.