გაზ. “დე კოუტურეკრანტ”, 15-06-2010

 

ფესტივალ იბერიაში იგრძნობა სრულიად განსაკუთრებული ხალხის ძალა და პოეზია. ამაში კვლავ შეიძლებოდა დარწმუნებულიყავით ლეიდენში… კვირა დღეს მოძრაობის პოეზიას მოჰყვა სიტყვის პოეზია. ფონდ “ტეხენ ბელდ”-თან თანამშრომლობის შედეგად ქართული შედევრი ახლა უკვე ქ.ლეიდენში, ვიტტე როზენსტრაატის ქუჩაში გამოჩნდა.

შუასაუკუნეების გენიალური ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსნიდან” ამონარიდით ფესტივალი საზეიმოდ გახსნა საქართველოს ელჩმა შოთა ღვინერიამ და ფესტივალ იბერიას სამხატვრო ხელმძღვანელმა დალი დე გრაფ-უბილავამ.

“ჩემი ნაამბობი ჭეშმარიტებას მოწმობს”, – ასეთნაირად ჟღერს ერთ-ერთი სტრიქონი. კვირა დღეს დაწყებული შოთა რუსთაველის ნაამბობი იმის დასტურიც არის, რომ ჭეშმარიტმა ქართულმა კულტურამ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ლეიდენელების გულში.

ამის შემდეგ, საქართველოს მზის ნაკვალევის კვალდაკვალ, მაყურებელი აღმოჩნდა ლეიდენის სამხატვრო გალერეებში, ხოხლანდსე კერკის ეკლესიის მახლობლად, ხუთი ცნობილი ქართველი მხატვრის, – რადიშ თორდიას, ვახტანგ ონიანის, ზურაბ ნიჟარაძის, დიმიტრი ერისთავის და ლევან ცუცქირიძის უნიკალურ გამოფენაზე.

აღნიშნული გამოფენა წარმოდგენილია ოთხ გალერეაში: პატრის ვან დორსტის, კიუნსტხეიზენის, ზონე და ფრედერიკ ვან დერ ვლისტის. საქართველოს პირველი ლედის, სანდრა რულოვსის და საქართველოს ელჩის შოთა ღვინერიას მიერ გამოფენის საზეიმო გახსნამ, რომელთაც თან ახლდათ “რუსთავის” მომღერალთა გუნდი და სასულე კვარტეტი ლეიდერდორფიდან, ბრწყინვალედ დაასრულა ფესტივალის გახსნის მზიური დღეები.

თუმცა, მთელი კვირა, 20 ივნისამდე სავსე იქნება ქართული სიურპრიზებით: მაგალითად, გამოფენებით, რომლებიც გადმოგვცემენ ქართულ გემოვნებას. ამ სიტყვის პირდაპირი გაგებითაც, ვინაიდან  სურათების საუცხოო  პალიტრის მზერის დროს, ასევე შესაძლებლობა მოგეცემათ დატკბეთ საუკეთესო ქართული ღვინოების პალიტრებითაც.

კაიკხეისის კინოთეატრში ყოველდღიურად გაიმართება ქართული ფილმების ჩვენება, რომლებიც მსოფლიო კინემატოგრაფის კლასიკად იქცა.

და როგორ შეიძლება დაგვავიწყდეს ტრადიციული ქართული სადღეგრძელოების ხელოვნებისადმი მიძღვნილი მასტერ-კლასი, რომელიც 18 ივნისს არის დანიშნული. ამ დღეს ყველა შეძლებს საკუთარ თავში აღმოაჩინოს ახალი ნიჭი და სტუმართმოყვარეობის ლამაზ კოლოფში შეფუთული საქართველოს მზის ნაჭერიც დააგემოვნოს.