24 ოქტომბერი, 2021 წ.

80 წლის გახდებოდა…

წლებია დაბადების დღის მილოცვა საფლავზე გვიხდება… გასახსენებელი ბევრი გვაქვს… ჩვენს გულებში ხართ ბატონო ბადრი. უფალმა ნათელი დაუმკვიდროს თქვენს სულს…

ღირსეულმა პიროვნებამ ღირსეული კვალი დატოვა ამქვეყნად…

ბადრი თოიძე წლების განმავლობაში ანსამბლ „რუსთავის“ დირექტორი და გამორჩეული მომღერალი იყო. იგი 1941 წლის 24 ოქტომბერს სოფელ მაკვანეთში დაიბადა.

1967 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი;

1962–1974 წწ. მღეროდა ანსამბლ “გორდელაში” (იყო მისი ერთ-ერთი დამაარსებელი); 1975 წლიდან კი, უკვე ანსამბლ “რუსთავის” სოლისტ-მომღერალი და ლოტბარი გახლდათ; 2000 წლიდან ანსამბლის დირექტორი; მისი მონაწილეობით ანსამბლმა 500-ზე მეტი სიმღერის ფონოჩანაწერი გააკეთა; გასტროლებით შემოიარა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა; 1993 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. იგი იყო ხელოვნების დოქტორი, პროფესორი.

2002 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია;

1990 წელს საქართველოს სახალხო არტისტის ტიტული მიენიჭა;

1980 წელს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია გადაეცა და სხვა.

ბადრი თოიძე 2016 წლის 18 მარტს გარდაიცვალა…