ანსამბლ “რუსთავის” ადმინისტრაციის პრესრელიზი, 2 აპრილი, 2021

ზოგჯერ სიტყვებიც ისე ცვდებიან, როგორც ფოლადის რელსები, მაგრამ არიან სიტყვები, რომელნიც მანამ არ მოძველდებიანვიდრე მზე ამ ქვეყნიდან არ წასულა.

ნეკროლოგი: ანზორ ერქომაიშვილი

გამარჯობა კარლ,

სამწუხარო ამბავი მივიღე ანზორის შესახებ. უდროოდ წავიდა, უდროოდ დაგვტოვა, რაც ტრაგიკული, აუნაზღაურებელი დანაკარგია როგორც საქართველოსთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის.    

ანზორი გავიცანი ჩემი ორი ბოლოდროინდელი პირადი ვიზიტის დროს საქართველოში (მადლობა კარლ!). მართლაც, ჭეშმარიტი ჯენტლმენი და ულევი ცოდნის წყარო, ქართული მუსიკისა და კულტურის მაცოცხლებელი და ამაღორძინებელი. მოუთმენლად ველოდი ჩვენი მეგობრობის გაღრმავებას საქართველოში ჩემი შემდგომი ვიზიტის დროს. აფსუს, რომ ამ ცხოვრებაში ეს არ გვიწერია.

თვალის ჩინივით გავუფრთხილდები მის წიგნებსა და ჩანაწერებს, რომლებიც მან საჩუქრად გადმომცა, განსაკუთრებით ბაბუამისის ბიოგრაფიას და 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოსულ ანსამბლ „რუსთავის“ საკოლექციო გამოცემას, 400 ქართულ ხალხურ სიმღერას კომპაქტ-დისკზე. 

მშვიდობით განისვენე, ანზორ.

პიტერი

გამარჯობა ჩემო სიმღერის დიდოსტატო ქართველო მეგობრებო,

როგორც ბევრმა თქვენთაგანმა უკვე იცის, ქართული ხალხური მუსიკის ლეგენდა ანზორ ერქომაიშვილი გარდაიცვალა თბილისში 31 მარტს კოვიდ-19 – ის გართულებების შედეგად. იგი 80 წლის იყო. მე ჯერ კიდევ შოკში ვარ… ანზორი გახლდათ ჩემი მასწავლებელი, აღმზრდელი და მეგობარი მთელი 40 წლის მანძილზე. მახსოვს პირველად როდესაც დავიწყე ქართული სიმღერის შესწავლა და აღმოვაჩინე დიდებული „100 ქართული ხალხური სიმღერა“, ანსამბლ „რუსთავის“ 8 გრამფირფიტისგან შემდგარი ანთოლოგია. მაშინ ანსამბლის ყველა წევრი თავდავიწყებით შევიყვარე. წარუშლელი, უდიდესი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი, როდესაც შეერთებულ შტატებში შევხვდი მათ მათი გასტროლის დროს და მომეცა შესაძლებლობა ჩვენი ქართული ანსამბლის წევრებთან ერთად მემასპინძლა მათთვის. შედეგად ჩამოვაყალიბე ჩემი ვოკალური ტრიო, კავკასია, ალან გასერთან და სტიუარტ გელზერთან ერთად და პირველად ხანგრძლივი ვიზიტით 1995 წელს ვეწვიეთ საქართველოს. ეს იყო დრო, როდესაც ანზორმა მართლაც საკუთარი ფრთის ქვეშ შეგვიფარა. მისივე თხოვნით (ან – ალბათ უფრო სწორი იქნებოდა თუ ვიტყოდით – მისი განკარგულებით), ჩვენ ყოველკვირეულად დავიწყეთ მასთან სახლში შეხვედრა თბილისში რათა ჩვენთვის გურული სიმღერები ესწავლებინა. ეს იყო უდიდესი გაჭირვების დრო ყველასათვის საქართველოში და მიუხედავად ამისა, მან მტკიცედ დაისახა ესწავლებინა ჩვენთვის, არასოდეს უთხოვია რა რაიმე ანაზღაურება სანაცვლოდ. გავიდა წლები, მე საბოლოოდ საქართველოში „დავფუძნდი“ ვიქორწინე რა ქართველ ქალზე და შევქმენი ოჯახი. ანზორი იყო ჩვენს ქორწილში, რომელმაც არაჩვეულებრივი სადღეგრძელო შესვა სუფრასთან. საქართველოში ცხოვრების მრავალი წლის მანძილზე ანზორი და მე მუდმივად ვუკავშირდებოდით ერთმანეთს და არაერთ მნიშვნელოვან პროექტზე ერთობლივად მოგვიწია მუშაობა – განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს გრამოფონის ანთოლოგია, რომლისთვისაც გრანტი საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოსგან მოვიპოვე. ამაყი ვიყავი იმით, რომ ანზორის სამყაროს ნაწილს შემეძლო მცირედი აგური დამედო ქართული ხალხური მუსიკის დაცვა-შენარჩუნებისა და მსოფლიოში გატანის საქმეში. თუმცა, საბოლოოდ, მომიწია საქართველოს დატოვება და საცხოვრებლად შეერთებულ შტატებში გადასახლება. ჩემი რეგულარული მოგზაურობა საქართველოში იქცა ყოველწლიურ შემეცნებით გამოცდილებად, რომლის დროსაც ხშირად მუდმივად მიწევდა მუშაობა და მხოლოდ რამდენიმე თავისუფალი დღე მრჩებოდა ხოლმე. ასეთ დღეებში ყოველთვის ვსტუმრობდი ხოლმე ანზორს მისი თბილისში ყოფნის შემთხვევაში. უკანასკნელად იგი ერთ-ერთი ასეთი ვიზიტის დროს 2019 წლის ზაფხულში მოვინახულე. არ შემიძლია დავიჯერო, რომ მას ვეღარ ვნახავ. ვფიქრობ, ვიდრე საბოლოოდ არ დავბრუნდები თბილისში, ალბათ სრულად ვერ გავიაზრებ მწარე რეალობას. მადლობა უფალს, რომ შესაძლებლობა მომცა გამეცნო ანზორი და ვყოფილიყავი მისი ცხოვრების ნაწილი. უსაზღვროდ მომენატრება. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი დაბადების დღე აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც იყო აქამდე… ანზორი და მე ხომ ერთი და იმავე დღეს აღვნიშნავდით დაბადების დღეს… ამ დღეს ყოველთვის ვურეკავდი ხოლმე მას… ახლა ყოველ წელს მოვიგონებ მას იმის გულწრფელი სურვილით, რომ კვლავ გავიგონო მისი ხმა და მანაც მომილოცოს დაბადების დღე.

მრავალი ტკბილი მოგონება და საინტერესო ამბავი შემიძლია გავიხსენო ანზორზე, თუმცა, ამჯერად გტოვებთ რათა წარმოვიდგინო ანზორი ზეცაში მგალობელი თავის ბაბუასთან ერთად.

ქვემოთ არის ტრიო კავკასიის ფოტო ანზორთან ერთად, ჩვენი „დიდების დღეების“ ამსახველი ფოტო, – როდესაც საქართველოში არსებული მთელი რიგი პოლიტიკური და ეკონომიკური სირთულეების მიუხედავად, ყოველივე ცისარტყელის ფერებად იღვრებოდა. აქვე გიგზავნით ბმულს უჩვეულო ვიდეოჩანაწერზე, რომელიც ვიმედოვნებ, რომ მოგეწონებათ:

ეს ჩემი ქალიშვილია, ელი, რომელიც ახლა ერთი წლის არის. თავის ანარეკლს პირველად ხედავს სარკეში. მე მას ქართულს ვასწავლი და იმედი მაქვს, რომ მალე ჩამოვიყვან საქართველოში… მიუხედავად იმისა, რომ ეს მის სისხლში არ არის, ეს მისი ოჯახის მემკვიდრეობის ნაწილია. დანამდვილებით ვიცი, რომ ისევე შეიყვარებს საქართველოს, როგორც მე შევძელი ეს. და თუკი იგი ისეთივე ცნობისმოყვარეობას შეინარჩუნებს, როგორიც მას სარკესთან მიმართებაში გააჩნია, იქნებ მანაც აღმოაჩინოს ქართული კულტურისკენ მიმავალი საკუთარი ბილიკი.

მიყვარხართ სიმღერაში,

კარლ ლინიჩი