ანსამბლრუსთავისადმინისტრაციის პრესრელიზი, 10 აგვისტო, 2017

 დღეს ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ რუსთავის სამხატვრო ხელმძღვანელის, საზოგადო მოღვაწის ანზორ ერქომაიშვილის საიუბილეო თარიღი აღინიშნება.

მისი განსაკუთრებული ღვაწლი სამშობლოს წინაშე არაერთხელ აღინიშნა: წმ. გიორგის ოქროს ორდენი, შოთა რუსთაველის, ექვთიმე თაყაიშვილის, დიმიტრი არაყიშვილის, ილია ჭავჭავაძის, ნიკო ბერძენიშვილის, იაკობ გოგებაშვილის, ივანე ჯავახიშვილის, ზაქარია ფალიაშვილის, საქართველოს სახელმწიფო პრემიები, ღირსების ორდენი. არის სახ. კონსერვატორიის საპატიო პროფესორი, საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. ჯილდოების და წოდებების ეს არასრული ჩამონათვალი ნაწილობრივადაც ვერ აღწერს ბატონი ანზორის ღვაწლს ქართული ხალხური და სასულიერო მუსიკის მოძიების, შესწავლის და მომავალი თაობებისთვის გადაცემის უაღრესად საჭირო საქმიანობაში. მის მიერ აღზრდილი თაობები დღეს თავად გადასცემენ ეროვნული მუსიკის საგანძურს ახალგაზრდებს.

რამდენიმე ათეულს ითვლის ანზორ ერქომაიშვილის მიერ შექმნილი ტელე და რადიო სიუჟეტები, გადაცემები, სტატიები, პუბლიკაციები, წერილები, წიგნები, აუდიო და ვიდეო გამოცემები, სანოტო კრებულები ჩაწერილი ცნობილი მომღერლებისგან და გაშიფრული ძველი აუდიოჩანაწერებიდან (500-ზე მეტი სიმღერა) მოძიებული როგორც სამშობლოში, ასევე მსოფლიოს არქივებსა და ბიბლიოთეკებში.

მის მიერ დაარსებულმა ანსამბლმა რუსთავმა ეროვნული კულტურა გაიტანა 80-მდე ქვეყანაში, გამართა 5 000-ზე მეტი კონცერტი, ჩაიწერა 800-ზე მეტი სიმღერა. სამხატვრო ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი ანსამბლის საიუბილეო თარიღისთვის ემზადება და ახლანდელ შემადგენლობასთან ერთად გამოსაცემად ამზადებს ახალ წიგნს სახელწოდებით „ანსამბლი „რუსთავი“, 400 ქართული ხალხური სიმღერა“.

ვუსურვებთ ამაგდარ ქართველს, საზოგადოებაში თავისი საქმით და ღირსებით გამორჩეულ ადამიანს ჯანმრთელ და დღეგრძელ სიცოცხლეს და კვლავ შემოქმედებითად დატვირთულ ყოველდღიურობას ქვეყნის სამსახურში.