ანსამბლრუსთავისადმინისტრაციის პრესრელიზი, 26 ივლისი, 2019

 

არ გამოტოვოთ!..

ანსამბლ „რუსთავის“ 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გამოვიდა უმნიშვნელოვანესი ანთოლოგია – „400 ქართული ხალხური სიმღერა“.

 

* * *

კუკური  ჭოხონელიძე

(1940-2004)

ფოლკლორისტი

 

2001 წლის 18 მაისს, იუნესკომ ქართული ხალხური სიმღერა კაცობრიობის სულიერი კულტურის ხელთუქმნელი საგანძურის შედევრად აღიარა. ქართული ხალხური სიმღერა ამ მსოფლიო აღიარებამდეც იპყრობდა გამოჩენილი უცხოელი ავტორიტეტების (რომენ როლანის, პეტრე ჩაიკოვსკის, იგორ სტრავინსკის, ბორის ასაფიევის, ზიგფრიდ ნადელის, ჩინგიზ აითმატოვის, მსტისლავ როსტროპოვიჩის და სხვ.) ყურადღებას. იუნესკოს ზემოხსენებულმა გადაწყვეტილებამ ქართულ ხალხურ სიმღერას შესწავლისა და პოპულარიზაციის ახალი პერსპექტივები შეუქმნა. ცხადად იკვეთება როგორც ქართული, ისე საქართველოში მცხოვრები ყველა ხალხის მუსიკალური ფოლკლორის მთლიანობაში განხილვისა და გამოკვლევის აუცილებლობა.

ქართული ხალხური მუსიკალური კულტურა ბევრ ისეთ უნიკალურ და ორიგინალურ ნიშანთვისებას შეიცავს, რომლებიც მუსიკოსების თუ მხატვრული აზროვნების სხვადასხვა სფეროს სპეციალისტების დიდ ინტერესსა და აღფრთოვანებას იწვევს.

ქართული ხალხური მუსიკის სათავეები ათასწლეულთა სიღრმეში იკარგება. მისი ისტორიის არქაული შრეების შესახებ ცნობებს არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მატერიალური კულტურის ძეგლები და უძველესი წერილობითი წყაროები გვაწვდიან. იმ შორეული საუკუნეების გამოძახილად უნდა მივიჩნიოთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში ჯერ კიდევ შემორჩენილი უძველესი მაგიური შელოცვები, ამინდის ღვთაების სადიდებელი საგალობლები და რიტუალები, აგრარული ღვთაებისადმი აღვლენილი ვედრებანი, მზის სადიდებელი ჰიმნები და საფერხულო ქმედებანი, მაგიურ ძალთა საამებლად განკუთვნილი სამკურნალო საგალობლები და სხვა.

მუსიკალურ-ენობრივი თვალსაზრისით, საქართველო მრავალდიალექტიანი ქვეყანაა. მეცნიერები თხუთმეტამდე მუსიკალურ დიალექტს გამოყოფენ. ხშირად დიალექტებს შორის სხვაობა იმდენად დიდია, რომ გაუთვითცნობიერებელმა უცხო მსმენელმა შესაძლოა ისინი სხვადასხვა ერის მუსიკალურ ხელოვნებადაც კი აღიქვას.

მუსიკალური აზროვნების არქაული შრეები ყველაზე თვალნათლივ აღმოსავლეთ საქართველოს მთის (ხევსურეთი, თუშეთი, ფშავი) მუსიკალურ დიალექტებშია შემორჩენილი. აქ შეიძლება კილოს, მელოდიისა და მრავალხმიანობის ჩანასახოვანი ფორმების მოძიება.

ქართული ხალხური მუსიკისადმი პროფესიონალ მუსიკოსთა მზარდი ყურადღების უმთავრესი მიზეზი ნაციონალური მუსიკალური ენის თვითმყოფადობაში, არაორდინალურ სტილისტურ თავისებურებებსა და, რაც მთავარია, მრავალხმიანობის დიდად განვითარებულ და მრავალფეროვან ფორმებშია საძიებელი. მრავალხმიანობა და გუნდურობა ქართული მუსიკალური აზროვნების ყველაზე უფრო დამახასიათებელი და ნიშანდობლივი თავისებურებაა.

მრავალხმიანობის ერთ-ერთ ყველაზე უფრო გავრცელებულ – ჰომოფონიურ და ჰომოფონიურ-პოლიფონიურ ტიპებს აღმოსავლეთ საქართველოს ბარის რეგიონებში (ქართლი და კახეთი) ვხვდებით. ჟანრული მრავალფეროვნება, გამომსახველი მელოდიურობა და დახვეწილი მოდულაციური სისტემა მუსიკალური აზროვნების განვითარების მაღალ დონეზე მეტყველებს.

კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებზე შეფენილი მხარეების ბინადარი რაჭველებისა და, განსაკუთრებით, სვანების – მეხსიერებამ თითქმის უცვლელი სახით შემოინახა უძველესი მითოლოგიური წარმოდგენები. სვანური სიმღერების სამივე ხმის მოძრაობისას სრული რიტმული სინქრონიზმი შეინიშნება, რაც ვერტიკალური თანაჟღერადობების გამოკვეთას უწყობს ხელს და აკორდული კომპლექსების მოძრაობად აღიქმება.

მრავალხმიანობის ეს ტიპი დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა მუსიკალური დიალექტისათვისაა დამახასიათებელი, მაგრამ ბარის რეგიონებში (იმერეთი, სამეგრელო, აჭარა, გურია) ისტორიული განვითარების პროცესში მოხდა მისი თანდათანობითი ტრანსფორმაცია. სამხმიან ფაქტურაში თითოეულმა ხმამ საკუთარი მელოდიური ნახაზი შექმნა და სრულ დამოუკიდებლობას მიაღწია, რამაც ხმათა კონტრაპუნქტული დაპირისპირებაც გამოიწვია. ხმების კონტრასტულმა დაპირისპირებამ ხელი შეუწყო უაღრესად კოლორიტული უჩვეულო თანაჟღერადობების წარმოქმნას, რომელთა უდიდესი ნაწილიც დისონანსებს წარმოადგენს. ამ მხრივ გამორჩეულია გურული მუსიკალური დიალექტი. გურული სიმღერა მსოფლიო პოლიფონიური აზროვნების ისტორიაში განსაკუთრებული რიგის მოვლენაა. მას სხვა ხალხთა მუსიკასთან პარალელი არ ეძებნება.

ქართული ხალხური მუსიკა თვითმყოფადი მოვლენაა და მისი მრავალხმიანობაც ადგილობრივ ნიადაგზეა აღმოცენებული. მეცნიერები იმასაც აღნიშნავენ, რომ მრავალხმიანობა ქართულ მუსიკაში დასავლეთ ევროპის პროფესიულ მუსიკაზე გაცილებით ადრე ჩაისახა. საქართველო მთელ ქრისტიანულ სამყაროში პირველი ქვეყანაა, რომელმაც საეკლესიო გალობაში მრავალხმიანობის დამკვიდრება დაიწყო.

ქართული ხალხური მუსიკის მდიდარი ისტორიის მრავალი ფურცელი ჯერაც არ არის წაკითხული. შესასწავლია ბევრი პრობლემა, რომელთა შეცნობაც უდავოდ შეუწყობს ხელს ამ უნიკალური მუსიკალური კულტურის ახალი წახნაგების წარმოჩენას.

2003 წ.