24 მაისს “რუსთავი” ინგლისში, ქ. ბასის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე იყო მიწვეული.

26 მაისს დილით წაგვიყვანეს უზარმაზარ ტაძარში, სადაც საღამოს ჩვენი კონცერტი იყო დაგეგმილი.

ტაძარი პეტრე-პავლეს სახელობისაა. იქ 1200 კაცი ეტევა და გამოირჩევა საუკეთესო აკუსტიკით. ჩვენ თან გვახლდა “რუსთავის” მოცეკვავეთა პატარა ჯგუფიც. ტაძარში მოვიდნენ BBC-ის წარმომადგენელი ჟურნალისტები და ჩვენგან ინტერვიუ აიღეს.

კონცერტი საღამოს რვის ნახევარზე დაიწყო. ლონდონიდან ბასში სპეციალურად ჩამოვიდნენ იქაური ქართული ანსამბლის, “მასპინძლის” წევრები. კონცერტის წინ მოულოდნელად მობრძანდა ხონისა და სამტრედიის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე საბა.

ეკლესია ხალხით გაიჭედა. კონცერტი დიდი წარმატებით ჩატარდა. ბოლოს მაყურებელმა ფეხზე ადგომით ოვაცია გაგვიმართა. ბისებს ბოლო არ უჩანდა.