ანსამბლრუსთავისადმინისტრაციის პრესრელიზი, 15 ნოემბერი, 2019

 

15 ნოემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ანზორ ერქომაიშვილის წიგნის „არიგატო გოზაიმაშტა ანუ საიდან ამდენი ღიმილი?!“ პრეზენტაცია გაიმართება.
ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელისა და მუსიკალური ხელმძღვანელის, ანზორ ერქომაიშვილის ავტორობით წიგნი „არიგატო გოზაიმაშტა ანუ საიდან ამდენი ღიმილი?!“ გამოიცა.
ანზორ ერქომაიშვილმა აღნიშნულ წიგნში ანსამბლ „რუსთავის“ საგასტროლო ტურნე აღწერა, რომელიც იაპონიაში 2018 წელს განხორციელდა.
ანსამბლის მოცეკვავეებმა და მომღერლებმა (53 წევრის შემადგენლობით) 45 დღის განმავლობაში იაპონიის 21 ქალაქში 33 კონცერტი გამართეს.
მოხდა ისე, რომ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „რუსთავის“ დაარსებიდან 50 წლის იუბილე იაპონიაში საგასტროლო ტურნეს დაემთხვა.
ანსამბლის იუბილე ტოკიოში კონცერტითა და გრანდიოზული წვეულებით აღინიშნა.
წიგნში ანზორ ერქომაიშვილი დეტალურად აღწერს საგასტროლო შთაბეჭდილებებს. მკითხველს აცნობს იაპონელთა ტრადიციებსა და თანამედროვე ყოფას, მათ სტუმართმოყვარეობასა და ინფორმაციას „რუსთავის“ კონცერტების ანშლაგების შესახებ.
წიგნის რეფრენი – „საიდან ამდენი ღიმილი?!“ მკითხველს ბუნებრივად მიანიშნებს, თუ რა დიდი სითბო და სიყვარული გამოხატეს იაპონელებმა ქართველ ხელოვანთა მიმართ.
წიგნი ილუსტრირებულია და ორ ენაზეა დაბეჭდილი. იაპონური თარგმანი იასუჰირო კოჯიმას ეკუთვნის.
წიგნის რედაქტორია იოსებ ჭუმბურიძე.
ანსამბლ „რუსთავს“ იაპონიასთან მჭიდრო კავშირები აქვს და წლების განმავლობაში არაერთხელ იმყოფებოდა საგასტროლოდ ამომავალი მზის ქვეყანაში.
წიგნის პრეზენტაციაზე მოწვეული არიან იაპონიის საელჩოსა და საკონსულოს თანამშრომლები. ასევე, სხვა ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.