ინტერნეტ საიტი “მურმანსკი ვესტნიკ”, რუსეთის ფედერაცია, 20.07.2013

 

ავტორი: ტატიანა ბრიცკაია

წყარო: http://www.mvestnik.ru/shwpgn.asp?pid=2013072010

წინამდებარე რეცენზიის დიდი მოცულობის გამო, გადავწყვიტეთ მხოლოდ მნიშვნელოვანი ადგილების თარგმანი განგვეთავსებინა საიტზე – ანსამბლ “რუსთავის” ადმინისტრაცია.

 

ამჯერად, ლეგენდარული აკადემიური ანსამბლ “რუსთავის” “ცოცხლად” მოსმენის შესაძლებლობა ნორვეგიის დასავლეთით, პატარა ქალაქ ფორდეში მოგვეცა, სადაც კოლექტივის  ვოკალური გუნდი მუსიკალურ ფესტივალზეა ჩამოსული.

უაღრესად ნიჭიერები

ლეგენდარული ანზორ ერქომაიშვილი, “რუსთავის” (ანსამბლს 45 წელი შეუსრულდა) დამაარსებელი და უცვლელი ხელმძღვანელი გვარწმუნებს, რომ სრულებითაც არ არის მკაცრი მის მოწაფეებთან მიმართებაში.

  • საერთოდ არ ვარ მკაცრი, უბრალოდ ისინი არიან მორიდებულები. თვალის დახამხამებას ვერ ვასწრებ ისე მემორჩილებიან. ჩვენ მომღერლებს ვარჩევთ არა მხოლოდ ხმის, არამედ ხასიათის მიხედვითაც. თითოეულ მათგანს მისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული ხმა და ხასიათი გააჩნია და შეიძლება ითქვას, რომ თითოეულს თავისი განსაკუთრებული ადგილი უკავია ანსამბლში. ეს არის, როგორც ოჯახი, ისინი კი, – ბავშვები. და ეს ბავშვები უაღრესად ნიჭიერები მყავს!

კონკურსი კოლექტივში ძალიან დიდია. თუკი რაიმე მიზეზით ჩნდება ვაკანსია, კონსერვატორი ბიჭები რიგში ჩამწკრივდებიან ხოლმე. თუმცა, კონსერვატიზმს აქ მცირე დოზით აქვს ადგილი.

  • იგი არაფერს იძლევა ხალხურ მუსიკაში, – გვიდასტურებს ბ-ნი ანზორი. – ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი უნდა მიიღონ ოჯახში. “რუსთავში” საქართველოს ყველა კუთხიდან არიან წარმოდგენილი მომღერლები, თითოეულ მათგანს მისი კუთხისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული ხასიათი და ეშხი მოაქვს ანსამბლში. ჩვენთან ხომ სხვადასხვა კუთხეში არსებული პოლიფონია, ჰარმონია – სრულიად განსხვავებულია ერთმანეთისგან. და თითოეული სოლისტი საკუთრივ თავისი მხარის სიმღერებს ასრულებს, ვინაიდან ყოველივე ეს სისხლშია!

რამდენი მომღერალიცაა, იმდენივე სიმღერაა

ბ-ნი ანზორის გვარი უკვე 300 წელია რაც მღერის. თავად ბ-ნი ანზორი, – მომღერალთა მეშვიდე თაობის წარმომადგენელია. და არა უბრალოდ მომღერალთა, არამედ მათი, ვინც საუკუნეების მანძილზე გაფაციცებით აგროვებდა და ინახავდა უნიკალურ სიმღერებს.

  • მახსოვს ჩემი დიდი ბაბუა, რომელიც 107 წლის ასაკში გარდაიცვალა, იგი მასწავლიდა, – მოგვითხრობს ბ-ნი ანზორი. – შვიდი წლის ვიყავი, როდესაც ის კვდებოდა. ღამის სამი საათი იყო. მე და ბებია გვერდით ვისხედით. ის უკვე აღარ ინძრეოდა. და უეცრად მან დაიწყო ლაპარაკი, თითქოს სრულიად ჯანმრთელი იყო, გამოხატული ჟესტიკულაციით. უხმობდა მომღერლებს – თავისი ანსამბლის წევრებს. იმ ანსამბლის, რომელმაც პირველმა, 1907 წელს თბილისში გრამფირფიტებზე ჩაწერა 50 ქართული სიმღერა. სიმღერებს ლონდონში არსებული ფირმა “გრამაფონი” იწერდა, შემდეგ ჩვენთან ყიდდნენ ფირფიტებსა და ინგლისურ გრამაფონებს. ჩემს დიდ ბაბუას კი ჩანაწერებისთვის მადლობის ნიშნად, მართლაც განსაკუთრებული გრამაფონი აჩუქეს, რომელიც დღემდე ჩემს სახლში ინახება. და როდესაც ყველა მომღერალი მოვიდა, ის თითოეულ მათგანს ესალმებოდა, შემდეგ კი მათთან ერთად მღეროდა. და მხოლოდ ბოლო სიმღერის დასრულება ვერ შესძლო. და ბებია მიხვდა, რომ ეს იყო დასასრული.
  • საქართველო ისევ ისეთივე გამორჩეული ქვეყანაა სასიმღერო ტრადიციებით – ამაზე ერთხმად საუბრობენ “რუსთავში”. კოლექტივის წევრთა ოჯახებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი განსაკუთრებული ვოკალური ისტორიით. ის ფაქტი, რომ წინაპართა მემკვიდრეობა არ არის დაკარგული, დიდწილად თავად ანსამბლის დამსახურებაა, რომელსაც 750-ზე მეტი სიმღერა აქვს ჩაწერილი ფირფიტებსა და დისკებზე, რომელთაგან ბევრი მათგანი ფაქტიურად არაფრისგან არის აღდგენილი და გაცოცხლებული.
  • ჩვენ აღვადგენთ და ვსწავლობთ ძველ სიმღერებს, რომლებიც დაახლოებით ასი წლის სიძველისანი არიან, – გვიხსნის ანზორ ერქომაიშვილი. – მე ყველა ქვეყანა მოვიარე, სადაც კი ასეთი ჩანაწერები დღემდეა შემონახული. ასეთებს მივაკვლიე კრასნოგორსკის ხმის ჩამწერ ცენტრალურ არქივში, რომელიც ამჟამად მოსკოვშია გადატანილი, ლენინგრადში, რიგაში; ხუთასზე მეტი მათგანი აღმოვაჩინე ლონდონის არქივში; პარიზის არქივში კი შემონახულია არა მხოლოდ ხალხური სიმღერები, არამედ იმ დროის ქართველი საოპერო მომღერლების ხმის ჩანაწერებიც. ძირითადად ყოველივე ეს ორიგინალებს წარმოადგენს, ჩანაწერების პირველ ეგზემპლარებს, სწორედ მათგან ხდებოდა შემდეგ ტირაჟირება. მოსკოვში სპილენძის ფირფიტებსაც კი ვპოულობდი, რომელთაც წარმატებით ვუკეთებდით რესტავრირებას.

“რუსთავის” მიერ შესრულებული სიმღერები აუთენტურად ჟღერს, მაესტრო გვიდასტურებს, რომ ყოველ შემთხვევაში ბოლო ასი წლის მანძილზე, ისინი თითქმის არ შეცვლილა, ისევე, როგორც ენა. თუმცა, ქართული მელოდიები იმპროვიზაციულობით გამოირჩევა, და თითოეული შესრულება რამდენადმე განუმეორებელია.

  • როდესაც ბაბუას ვკითხე თუ რამდენი ვარიანტი ჰქონდა ჩემს საყვარელ სიმღერას, მან მიპასუხა: “რამდენი კარგი მომღერალიცაა, იმდენივე ვარიანტია”, – იცინის ანზორ ერქომაიშვილი. – რა შეიძლება გითხრათ, – ერთი და იგივე სოლისტი, არასოდეს იმღერებს ორჯერ ერთნაირად.

რეპეტიციები “რუსთავს” – უშუალოდ ვოკალისტებსაც და მოცეკვავეებსაც (მთლიანობაში ანსამბლი – ეს არის დაახლოებით 70 ადამიანი) – ყოველ დღე აქვს. მომღერალთა გუნდი ყოველ დილით სამ საათს მეცადინეობს. სიმართლე გითხრათ, მეგონა, რომ დილაობით იოგებს “სძინავთ”, მაგრამ აქ საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ რეპეტიციები მიმდინარეობს დაბალ ხმაზე. და მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც სიმღერა სათანადოდ არის დამუშავებული, ხელმძღვანელი ნებას რთავს, რომ “ხმას მოუმატონ”.

განსაკუთრებით საინტერესოა ის ფაქტი, რომ ქართულ პოლიფონიას არა მხოლოდ მის სამშობლოში მღერიან: ანზორ ერქომაიშვილი რამდენიმე წლის წინათ ამ ხელოვნებას ამერიკულ და იაპონურ სასიმღერო გუნდებსაც კი ასწავლიდა. როგორც ბ-ნი ანზორი გვეუბნება, ნორმალურად მღეროდნენ, მაგრამ “არა ისე, როგორც ქართველები”.

  • ამას ვერ ასწავლი – ამით უნდა დაიბადო, – ირწმუნება ბ-ნი ანზორი.

ანსამბლის ხელმძღვანელი გვიზიარებს: გასული წლის გაზაფხულზე ერთ-ერთი ჩვენი სოლისტის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ, ერთდროულად ორი მომღერლის აყვანა მოგვიწია, ვინაიდან ავტოკატასტროფაში დაღუპულ მომღერალს განსაკუთრებული ხმა ჰქონდა, რაც მას ქვეყნის სხვადასხვა კუთხის სიმღერების შესრულების შესაძლებლობას აძლევდა.

  • აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში სრულიად სხვადასხვაგვარად მღერიან! აღმოსავლეთ საქართველოში სიმღერა მონოდიურია, გაბმული ბანით, დასავლეთში კი განვითარებული პოლიფონიაა, – გვიხსნის ანზორ ერქომაიშვილი. – იცით თუ არა, რომ სტრავინსკი ქართულ პოლიფონიას უწოდებდა საუკეთესოს მათ შორის, რაც კი ოდესმე მოუსმენია. და წერდა, რომ იგი იძლევა გაცილებით მეტს, ვიდრე თანამედროვე მუსიკის ყველა მონაპოვარი. და მსოფლიოს მუსიკისმცოდნენი მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ჩვენ კი არ გვაქვს ნასესხები პოლიფონიური სიმღერა ევროპისაგან, როგორც უწინ ამტკიცებდნენ, არამედ პირიქით, – ჩვენთან ის ყველაზე ძველია! 2001 წელს ქართული მრავალხმიანობა იუნესკოს მიერ აღიარებულ იქნა მსოფლიოს არამატერიალური კულტურის შედევრად. აქამდე ოცი წლით ადრე კი ამერიკელებმა ჩვენი ნამღერის ჩანაწერი კოსმოსში გაუშვეს, ბეთჰოვენის, მოცარტის, ბახის მუსიკასთან ერთად.

საქართველო – განსაკუთრებული ცივილიზაციაა, გვარწმუნებს ბ-ნი ანზორი, და, მასთან საუბრისას, სიხარულით რწმუნდებით ამაში. როგორც კი “რუსთავის” სოლისტები ჩამოვიდნენ, სასტუმროში სიმღერა არ შეწყვეტილა. თავიდან ისმოდა ჰანგები, შემდეგ ჩნდებოდნენ ისინიც – მოხდენილნი, უთუოდ ჩოხებში გამოწყობილი და ქამრებში ჩამაგრებული ხანჯლებით.

რა შეიძლება გითხრათ, ისინი აუზშიც კი მღეროდნენ, სადაც ფესტივალის მონაწილენი  კონცერტებს შორის პერიოდში ისვენებდნენ. იქვე წყალში მყოფმა “ძლიერ დაზაგრულმა” ბიჭებმა სენეგალიდან, დაიჭირეს რა მელოდია, წყალზე ხელისგულების დარტყმით ცდილობდნენ აჰყოლოდნენ რითმს. ეს იყო სრული ინტერნაციონალური ჰარმონია. ვოკალისტები, თუმცა, პერიოდულად წყვეტდნენ სიმღერას, რათა მოსულ ქალბატონთა საზოგადოების დასანახად დემონსტრირება გაეკეთებინათ რამდენიმე სალტოსთვის… და, რა თქმა უნდა, ახშობდნენ აპლოდისმენტებს. ერთი სიტყვით, ისინი ხომ – ქართველები არიან.

“ფორდეს ფესტივალზე” “რუსთავი” პირველად არ ჩამოდის, თუმცა კვლავაც ახერხებს მთელი მსოფლიოდან შეკრებილი მსმენელის განცვიფრებას. პირველი კონცერტი  შუაღამისას, ადგილობრივ კირხეში (ლუთერანული ეკლესია) გაიმართა. ხის კედლებს მიღმა, კოკისპირული წვიმის ნაკადი ფარავდა ქალაქს, საკურთხევლის ჩრდილში კი მშვიდად და ტკბილად მღეროდნენ.

მაგალითისთვის, ქართული საეკლესიო საგალობლები განსხვავდება მსოფლიოს დანარჩენი მართლმადიდებლური ეკლესიების მუსიკისაგან. და მათი შენარჩუნების საქმეში ერქომაიშვილების გვარის დიდი დამსახურებაა. ბ-ნი ანზორის ბაბუა, ქართული საეკლესიო გალობის საუკეთესო მცოდნე იყო. მან ორი ათასზე მეტი ნაწარმოები იცოდა ზეპირად. ყოველივე ამას მალავდა ქრისტიანობასთან ბრძოლის პერიოდში. სამოციან წლებში კი, გარდაცვალების წინ, გადაწყვიტა მათი ჩაწერა. თუმცა, საეკლესიო პოლიფონიის სიმღერა უკვე აღარავისთან შეიძლებოდა: ერქომაიშვილი – უფროსი, იმ დროისათვის უკვე ერთადერთი იყო, ვისაც სათანადო ცოდნა გააჩნდა. და მიუხედავად ამისა, მან მაინც შესძლო მაგნიტოფონის ფირზე გადაეტანა იმის თუნდაც მცირე ნაწილი, რასაც მეხსიერებაში ინახავდა.

  • თავდაპირველად ის მღეროდა პირველ ხმას. შემდეგ რთავდა ჩანაწერს და საკუთარ თავთან წყვილში გამოჰყავდა მეორე ხმა. შემდეგ მესამე. ასე მოასწრო 108 საგალობლის ჩაწერა, – მოგვითხრობს ანზორ ერქომაიშვილი.

მეორე ნორვეგიული კონცერტი შედგა დილაადრიანად, კოკისპირული წვიმისაგან ჩამორეცხილ ქალაქში. მსმენელს ღია ცის ქვეშ ელოდნენ, ადგილობრივი სამხატვრო გალერეის სახურავზე, თუმცა საკონცერტო გამოსვლა საუზმედ აქციეს, როდესაც არტისტები და სტუმრები ერთმანეთის გვერდიგვერდ მაგიდებთან დასხეს. ბოკალებში ღვინო ისხმებოდა, ყვავილები ალისფრად ღვიოდნენ, უმასპინძლდებოდნენ ახალი ბოსტნეულითა და ცხელი კვერებით. და ჟღერდა სადღეგრძელოები. ოჰ, როგორ წარმოთქვამდა მათ ტენორი მერაბ სამყურაშვილი, ლამაზი და ჭკვიანი! ამის შემდეგ – მღეროდნენ. ღირსეულად, სიამოვნებით – თითქოს და მართლაც, იმ ცივილიზაციის ნაწილი, რომელსაც საქართველო ჰქვია, როგორც ქართველები უწოდებენ თავიანთ სამშობლოს, აქ გამეფდა, ევროპის უკიდურეს ჩრდილოეთში.

დახუჭეთ თვალები – და დაინახავთ

ანზორ ერქომაიშვილს ახსოვს, როგორ ჩამოჰყავდა “რუსთავი” ჩვენს მხარეში ოცი წლის წინათ. თბილი მიღება, შესანიშნავი საზოგადოება – მათ ძალიან უნდათ კვლავ ჩამოსვლა. და უკვე ამ შემოდგომაზე მზად არიან ჩვენთან ჩამოსასვლელად, – თუნდაც მთელი შემადგენლობით, ან ვოკალისტთა გუნდით. “რუსთავი” იშვიათად გამოდის მიკროფონებით – ხელმძღვანელი ანტიპატიით უწოდებს მათ “ქიმიას”, უპირატესობას ცოცხალ ხმას ანიჭებს.

  • ამ დღეებში ჩინეთში მივემგზავრებით, შემდეგ შვეიცარიაში, – ამბობს გოდერძი ჯანელიძე. – შარშან კონცერტი გვქონდა მოსკოვში – “კროკუს სითი ჰოლში”, და პეტერბურგში – “ოკტიაბრსკში”.

გოდერძი იშვიათი ხმის პატრონია. მისი ხავერდოვანი, რბილი ბანი უწინ თბილისის ოპერაში ჟღერდა. ბ-ნი ანზორი განგვიმარტავს: ანსამბლის რეპერტუარი ყოველთვის სოლისტების გარშემო ყალიბდება:

  • ჩვენ ყველა ვოკალისტი კარგი გვყავს, მაგრამ ხდება ხოლმე, როდესაც სამყარო გვჩუქნის სინათლეს, ჩნდება ვარსკვლავი! “რუსთავის” ვარსკვლავი ოთხმოციან წლებამდე იყო ჰამლეტ გონაშვილი, საქართველოს ყველა დროის საუკეთესო მომღერალი. მის ნამღერზე ამბობდნენ: დახუჭეთ თვალები, და თქვენ სამყაროს ყველა ფერს დაინახავთ.

ვარსკვლავები, ცა, ზღვა – მათ საოცრად მომხიბლავ სიმღერებში მართლაც იგრძნობა ყოველივე ეს. ასე, რომ ზედმეტიც კია იმის დაკონკრეტება, თუ რაზეა ისინი.

  • სიყვარულზე, – რბილად გვკარნახობს გოდერძი. – მაგრამ არის “შრომის სიმღერებიც”, რომელთაც, მაგალითად, ყურძნის მოსავლის აღების დროს ასრულებენ…

მათი მუსიკა, ისევე, როგორც თავად ისინი, ასხივებს ისეთ მზიურ მომხიბვლელობას, სიცოცხლისადმი ისეთ სიყვარულს, რომ ნებისმიერი ნაღველისა და სევდის განკურნება შეუძლია. მაგალითისთვის, წამლებთან დაკავშირებით მოგახსენებთ, “რუსთავის” რეპერტუარში არის რაღაც სრულიად განსაკუთრებულიც – სამკურნალო სიმღერები. მათ ძველთაგანვე უმღერიან მამები თავიანთ ავადმყოფ შვილებს.

  • მახსოვს, ასე 4 წლის ვიქნებოდი, როდესაც ძლიერ ავად გავხდი. სიცხემ ორმოცამდე ამიწია, მაბოდებდა, – დასასრულს გვიყვება ანზორ ერქომაიშვილი. – მახსოვს, ბებიამ დამაწვინა ოთახში, რომელიც მთლიანად წითელი ყვავილებით აავსო. დაანთო სანთლები. მოვიდნენ მამა, ბაბუა და ჩემი დიდი ბაბუა და, ჩონგურზე სამკურნალო სიმღერა დააღიღინეს. ისე ტკბილად მღეროდნენ! მე ჩამეძინა. ძილში ვნახე, თითქოს მთაზე ვიდექი, ჩემს ირგვლივ ბატკნები იყვნენ. ციდან თეთრ სამოსში გამოწყობილი ვიღაც მოხუცი დაეშვა – მე ვიცანი ჩემი ბაბუა, მან ჯოხით აუჩქარებლად გარეკა ჩემს ირგვლივ ბატკნები, რომელთაც მე შემაშინეს. და ამის შემდეგ სრულიად ჯანმრთელმა გავიღვიძე.

მანამ “რუსთავის” სიმღერა ჟღერს, ყოველგვარი გულისტკივილი ადვილად გავიწყდებათ.