ანსამბლ “რუსთავის” ადმინისტრაციის პრესრელიზი, 10 აგვისტო, 2020

 

ძვირფასო ანზორ-სენსეი,

 

უაღრესად მოხარული ვარ, მოგილოცოთ თქვენი 80 წლის იუბილე, რომელსაც 10 აგვისტოს აღნიშნავთ. გილოცავთ, მრავალს დაესწარით მუდამ ჯანმრთელი და გახარებული! „იამაშიროგუმის“ გუნდის უკლებლივ ყველა წევრის სახელით, რომლებიც მოხიბლული არიან ქართული პოლიფონიით და „იამაშიროგუმის“ არსებობის მანძილზე დიდი სიამოვნებით ასრულებდნენ ქართულ ხალხურ სიმღერებს, მსურს გამოვხატო ჩვენი უგულითადესი კეთილგანწყობა და გისურვოთ ყოველივე საუკეთესო.

მთელი თქვენი მოღვაწეობის მანძილზე, თქვენ სახელდახელოდ მოიძიეთ და აღადგინეთ, ახალი სიცოცხლე აჩუქეთ ხელოვნებას, რომელიც ახლის, ინოვაციურისა და ტრადიციულის ჰარმონიულ ნაზავს წარმოადგენს, ხელოვნებას, რომელიც ქართველი კაცის ეროვნული იდენტობის, ეთნიკური კულტურის სულ მცირე ორიათასწლოვანი ისტორიით არის გაჯერებული. ისტორიული მნიშვნელობის ჩანაწერების მოძიებისა და წინაპარ დიდებულ მომღერალთა ნაამბობით, რომელთაც წინაპართაგან ზეპირსიტყვიერი გადმოცემით მიიღეს მივიწყებულ სიმღერათა უნიკალური ცოდნა, საუნჯე, თქვენ მოახერხეთ ამ დიდებული ხელოვნებისთვის სულის ხელახლა შთაბერვა და დღევანდელ დღემდე მოტანა. სწორედ თქვენი დამსახურებაა ასევე ამ კუთხით სისტემური მიდგომის ჩამოყალიბება.

უფრო მეტიც, თქვენ თავად ბრძანდებით ბრწყინვალე მომღერალი და ხელმძღვანელი. ჩემი ღრმა რწმენით, მსოფლიოში ვერავინ შეძლებდა ასე სრულად და საფუძვლიანად, ესოდენ ღირსეულად გაერთვა თავი ამ დიადი საქმისთვის. თქვენი თავდაუზოგავი ძალისხმევისა და მიღწევების გარეშე, ქართულ პოლიფონიას ვერასოდეს მიაკუთვნებდნენ მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის საგანძურს.

1969 წელს საქართველოში პირველად მომიწია პოლიფონიურ სიმღერასთან ზიარება. იმ დროს ანზორ-სენსეი 30 წლამდე ასაკის თუ იქნებოდა. ისე მოხდა, რომ სრულიად შემთხვევით იაპონურ რადიოგადაცემაში „დიამბეგოს“ მოვუსმინე, რომელმაც თავისი სიღრმისეული ჟღერადობით წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. ჩემთვის, საგუნდო ხელოვნების დარგში ახალ შესაძლებლობათა მაძიებელ ახალბედასთვის, ეს ნამდვილი აღმოჩენა გახლდათ, რამაც თვალი ამიხილა და სრულიად ახალი ჰორიზონტი დამანახა. იმ დღიდან მოყოლებული, რომელმაც რევოლუცია მოახდინა ჩემს ცხოვრებაში, ჩემი აღფრთოვანება დღითიდღე ძლიერდებოდა.

დიდი სიამოვნებით ვიხსენებ 1976 წელს ჩვენს მიერ გამოცემულ ალბომს, რომელშიც „ხასანბეგურა“ შედიოდა გუნდ „იამაშიროგუმის“ შესრულებით. მახსოვს როგორ გადავეცით ანზორ-სენსეის და ბ-ნ სოსო ჩხეიძეს, ცნობილ კინორეჟისორს აღნიშნული ალბომი. სწორედ ამ ალბომმა გადააწყვეტინათ მათ გადმოელახათ მთელი ოკეანე და 1986 წელს იაპონიაში ჩამობრძანებულიყვნენ. სწორედ მაშინ დაიწყო საქართველოსა და იაპონიას შორის ქართული პოლიფონიის მეშვეობით კულტურული გამოცდილების ურთიერთგაცვლის ესოდენ ხანგრძლივი ისტორია.

აღნიშნული ფასეული გამოცდილების ურთიერთგაზიარება დღემდე გრძელდება და სულ ბოლოს, 2018 წელს, უაღრესად მოხარულები გახლდით პირადად თქვენთვის და ანსამბლ „რუსთავის“ წევრებისთვის გვემასპინძლა იაპონიაში საკონცერტო გასტროლის ფარგლებში. არასოდეს დამავიწყდება ოჯახურ სიმყუდროვეში, ტოკიოში იაპონიის ერთ-ერთ ყველაზე პატარა და მყუდრო რესტორანში გატარებული საღამო. იმ დღეს წარმოთქმული სადღეგრძელოები, საუბრები და ერთობლივად ნამღერი, სამუდამოდ დარჩება ჩემს გულსა და გონებაში.

ანზორ-სენსეიზე შვიდი წლით უფროსი* გახლავართ და მიუხედავად ამისა, დიდი ენთუზიაზმითა და ენერგიით ვარ ჩაბმული მუსიკალური შემოქმედებისა და სამეცნიერო კვლევის სფეროში. მთელი გულით გისურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას და იმედს ვიტოვებ, რომ შემდგომშიც მრავლად ვიხილავთ თქვენს შემოქმედებითად დატვირთულ მოღვაწეობას მთელს მსოფლიოში საქართველოს დიდებული კულტურის გავრცელების კუთხით. ადამიანის ჭეშმარიტი ნეტარება ქართულ პოლიფონიურ სიმღერაში მდგომარეობს. ღრმად მწამს, რომ ამაში კიდევ არაერთხელ დაარწმუნებთ მსოფლიოს.

ჩვენი მარადიული მეგობრობისა და ანზორ-სენსეის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის სახელით, გაუმარჯოს!

 

სოჯი იამაშირო

გუნდ „იამაშიროგუმის“ წევრები

 

 

* საგულისხმოა, რომ მილოცვის წერილის ამ ნაწილში, სოჯი იამაშირო სიტყვა “older”-ის ნაცვლად იყენებს სიტყვა “elder”-ს, რაც მხოლოდ ოჯახის წევრებთან მიმართებაში გამოიყენება და ამ შემთხვევაში უმაღლესი პატივის გამომხატველია!