გაზ. “ნოვოსტი კარმიელი”, ისრაელი, 10. 02. 2011

 

1 დეკემბერს კარმიელში ერთობლივი კონცერტი გამართეს ისრაელის ორკესტრმა “იერუსალიმის კამერატამ” და საქართველოს მამაკაცთა მომღერლების გუნდმა “რუსთავმა”

 

ს. კრამერი

ჩვენ ისეთ დროში გვიწევს ცხოვრება, როდესაც ყოველგვარი სიყალბე ზეიმობს. ყოველივეს, და მათ შორის გრძნობების ერთფეროვნება ცხოვრების ნორმად იქცა. და ჩვენ, უმეტეს წილად, უკვე აღარ გვიჩნდება პროტესტის გრძნობა, როდესაც ვხედავთ თუ როგორ დახტის სცენაზე გაცოცხლებული ჩინური თოჯინით ვიღაც, ვისი ხმაც ტექნიკურად იმდენად არის დამახინჯებული, რომ შეუძლებელია მისი ამოცნობა, მუსიკა კი, რომელიც აგრეთვე წინასწარ არის ჩაწერილი, მხოლოდ “მუსიკალურ გაფორმებად” არის ქცეული. მალე, ალბათ, ფონოგრამას საბოლოოდ შეავსებს წინასწარ მომზადებული და ჩაწერილი ტექსტი,  რაც სრულფასოვნად წარმოაჩენს ფალსიფიკაციისა და სიცრუის მანკიერ მხარეებს…

ყოველივეს გათვალისწინებით, უფრო დიდი და მოულოდნელია ცოცხალ ხმასთან და ბგერებთან პაემანის შედეგად მიღებული სიხარული. რა თქმა უნდა, მყისიერად იმის დაჯერება, რომ არანაირ სიყალბეს ადგილი არა აქვს, ადვილი არ არის. ამ ყველაფერს უღრმავდები, გაფაციცებით თვალს ადევნებ და ცდილობ აღმოაჩინო სადმე დამალული მიკროფონები და ინსტრუმენტებთან დაკავშირებული საიდუმლო ელექტროსადენები. მაგრამ არა, – არც სადენები ჩანს სადმე და არც მიკროფონები!

ისრაელის ორკესტრმა “იერუსალიმის კამერატამ” ცოცხალი შესრულებით წარმოგვიდგინა კლასიკა. სალამური და ვიოლინოები, ვიოლონჩელები და კონტრაბასები, საყვირები და კლავესინი (!) ჟღერდნენ ისე, როგორც რამდენიმე ასეული წლის წინათ – ელექტროგამაძლიერებლებისა და მიკროფონების გარეშე. და წარმოდგენილი იყო ვივალდიც, ბახიც, და სულგანაბული მსმენელი დარბაზში, მაღალი დონის კულტურას ნაზიარები მსმენელი, რომელიც პირველივე აკორდებიდან მოექცა სასურველი მარადისობის ტყვეობაში. კურთხეული საზოგადოება შეიკრიბა ამ საღამოს, ძალიან მგრძნობიარე და დიდად მადლიერი.

შესანიშნავად, “ცოცხლად” შესრულებული კლასიკური ნაწარმოებების მიმზიდველობა განცვიფრებას იწვევს. დარბაზი მოიცვა მრავალი საუკუნეების წინათ გაჟღერებული მუსიკით გამოწვეული ჭეშმარიტი გრძნობებისა და სახეების ტალღებმა და თითოეულ მსმენელს შეეძლო  ამ ტალღებში  ამოეცნო რაღაც საკუთარი –  წრიულად მბრუნავი წყვილების მომაჯადოებელი ცეკვით წარმოჩენილი გულშიჩამწვდომი პროფილი. ეს მოცეკვავეები დამშვენებული იყვნენ სინაგოგაში მიმავალი შტეტელის მაცხოვრებლების შესაფერისად…

ამის შემდეგ სცენაზე გამოჩნდა ათი ახოვანი,  წარმოსადეგი  ქართველი, რომელთაც შინდისფერი ჩოხები ემოსათ, მოკლე ხანჯლები ქამრებში ჰქონდათ ჩამაგრებული და ფეხზე შავი ჩექმები ეცვათ  – ეს იყო ანსამბლ “რუსთავის” მომღერალთა გუნდი.

ქართული გუნდური სიმღერა ცნობილია ძველი ბერძნების დროიდან და უნიკალურია თავისი განსაკუთრებულობითა და სრულყოფილებით. ათი წლის წინ იუნესკომ იგი  “კაცობრიობის ზეპირი არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრად” აღიარა. ამ საღამოს ჩვენც მოგვეცა შესაძლებლობა მოგვესმინა ეს საოცარი პოლიფონია…

მომღერლები მღეროდნენ დაუჯერებლად მრავალ ენაზე, თუმცა საჭიროა თარგმანი თუ გულით უსმენ ყოველივე ამას? ულამაზესი მრავალხმიანობა, როგორც “ჰაერში მონავარდე, ჯარების თავზე გამოკიდული ალამი”, გონებაში წარმოგისახავდათ და ასოცირდებოდა თვალუწვდენელ ციხე-სიმაგრეებთან, სამყაროს სიბრძნესთან, საზეიმო სევდასთან. თუმცა სევდას განაქარვებდნენ თვითონ ქართველები – რთული და მონარნარე ფიორიტურებით. ამაში მათ ეხმარებოდა ისრაელის ცნობილი ქართველი ებრაელი კომპოზიტორი და დირიჟორი იოსებ ბარდანაშვილი. რომელმაც პუბლიკა მოხიბლა თავისი გროსმეისტერული ექსცენტრულობით.

“ქართულმა” რუსთავმა და ისრაელის “კამერატამ” ერთობლივად წარმოგვიდგინეს ისეთი კომპოზიცია, რომელმაც “ანტიკური ტრაგედიების ფინალის მსგავსად”, ტაშის გრიალით დარბაზი დაანგრია. ამის შემდეგ “კამერატა” დაემშვიდობა მაყურებელს და დატოვა დარბაზი, “რუსთავი” კი თითქმის შუაღამემდე მღეროდა – რადგან ოვაციებით არ უშვებდნენ მას და ალბათ კიდევ იმიტომ, რომ კარმიელის მოსახლეობის წინაშე გამოსვლა ძალიან სასიამოვნო იყო…

 

* * *

 

კარმიელის მაცხოვრებლის, ლეი რაზმაძის აზრი კონცერტთან დაკავშირებით: “მე დავიბადე და გავიზარდე თბილისში. და რას წარმოადგენს სუფრული მრავალხმიანობა ძალიან კარგად ვიცი. ეს არის ეროვნული მუსიკალური ტრადიცია. სხედან და მღერიან, თანაც ისე, რომ არავითარი მუსიკა აღარ არის საჭირო!

ანსამბლ “რუსთავის” მომღერალთა გუნდი პირველად არის კარმიელში და საერთოდ ისრაელში. მათ ათობით ქვეყანა მოიარეს, ჩვენამდე კი დღემდე არ მოუღწევიათ.

დიდი მადლობა იოსებ ბარდანაშვილს. იგი როგორც მოწვეული კომპოზიტორი მუშაობს “კამერატასთან”. ერთობლივი კონცერტი – მისი იდეა იყო, რომელმაც სრულად გაამართლა იმედები! მათ წარმოუდგენელი დღესასწაული გვაჩუქეს!”.

ეს მართლაც რომ ასეა. მხოლოდ დღესასწაულის მოლოდინით ხარობს სული…