ინტერნეტ საიტი “ბაჰამა”, ისრაელი, 02. 02. 2011

 

იოსი შიფმანი

კამერატა და ქართველები – ეწვიეთ და ნახეთ.

საკმარისია შეხედოთ კამერატას მუსიკოსების

მომღიმარ სახეებს და მოუსმინოთ მათ მიერ

შესრულებულ გულში ჩამწვდომ მელოდიებს.

 

დავიწყოთ მხურვალე რეკომენდაციით: წადით, ნახეთ და მოუსმინეთ არაჩვეულებრივ მუსიკას. ამჯერად მომიტევონ ორკესტრის სოლისტებმა, რადგან ახლა ჩემი ყურადღება და დღევანდელი საღამო მიმართულია სხვა სახის მუსიკალური კულტურისკენ, მუსიკისაკენ, რომელიც სხვა,  თუმცა არც თუ ისე შორეული ქვეყნიდან მოვიდა.

და აი, სცენაზე ათი მამაკაცი გამოდის, ისინი შინდისფერი ჩოხებით არიან შემოსილნი, მოკლე ხანჯლები ქამრებში აქვთ ჩამაგრებული და ფეხზე შავი ჩექმები აცვიათ. ამ წამიდან იწყება ბგერების ზეიმი, რომლის მაგვარი ჩვენს აღმოსავლურ მუსიკას  მიჩვეულ ყურებს ჯერ არ სმენიათ. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნო შესრულების ხარისხი – პიანისიმოს თითქმის მოჩურჩულე სიღრმეებიდან ფორტისიმოს მწვერვალებამდე, რომელიც ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ არსებობს ხმები,  რომელთა სიძლიერის დასატევად,  საკონცერტო დარბაზიც კი პატარაა. ხმის სრულად ფლობა ისმინება ქართველი ტენორი მომღერლების შესრულებაში.

შედგა საუკეთესო გემოვნებიანი კონცერტი, ჩვენს წინაშე შესრულდა ნაწყვეტები ქართული საგალობლებიდან, ერთხმიანი და მრავალხმიანი ლოცვები და საგალობლები. ამის შემდეგ წარმოდგენილ იქნა ნაწყვეტი “ჟამი სიყვარულისა” იოსებ ბარდანაშვილის “უფლის შვილებისგან” რომელიც მოიცავს ლოცვანის ტექსტს, აქვე იყო შმუელ ჰანაგიდის სიმღერები და ქართული მართლმადიდებლური საგალობლები. საოცარი თანხვედრაა ორკესტრის მელოდიურობასა და მომღერლებს შორის – ეს არის თანხვედრა ძველის, ტრადიციულის და ახლის, ბარდანაშვილმა შეძლო ამ თანხვედრის საოცარი ძალით წარმოჩინება.

ამის შემდეგ ანსამბლი “რუსთავი” ერთმანეთს უნაცვლებდა “წინწყაროსა” და “ჩაკრულოს”, რომელთა მეშვეობითაც უკეთ გვაცნობდნენ საქართველოს ვოკალური შესაძლებლობების  სიდიადესა და სიმდიდრეს.

რაც ჩვენი ყურით მოვისმინეთ, ეს არის განსაკუთრებული ხელოვნება, უძველესი კულტურის ნაწილი, რომელმაც გაცნობისთანავე სამუდამოდ დაისადგურა ათასობით ხელოვანის გულებში და რომელიც წარმოადგენს კლასიკური და თანამედროვე მუსიკის საოცარ შერწყმას. ახლა გვეძლევა განსაკუთრებული შესაძლებლობა ეს სასწაული ორიგინალში მოვისმინოთ. კონცერტის დროს მოვისმენთ საოცარი ფერებით შესრულებულ სუფრულ სიმღერებსა და სალაღობოებს, ჩვენ ვუსმენთ გარდასულ და არდაკარგულ ხელოვნებას. ერთ წინადადებაში რომ ჩავატიო ჩემი აზრი, ვიტყვი: ასე მღერიან საქართველოში.